საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ევროპის მობილობის კვირეულს უერთდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის (GESRP)“ ფარგლებში ევროპის მობილობის კვირეულს უერთდება, რომელიც თბილისში 16-22 სექტემბერს გაიმართება.
კვირეული მიზნად ისახავს მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებას. წელს კვირეულის თემაა “დაზოგე ენერგია”.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ტრანსპორტზე ენერგიის მოხმარების დიდი წილი მოდის, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს სუფთა და ალტერნატიული მობილობის საშუალებათა მეტი პოპულარიზაციის აუცილებლობას. “ევროპის მობილობის კვირეულის” მიზანიც სწორედ ესაა - საზოგადოების თითოეული წევრის მაქსიმალურად ინფორმირება როგორც მდგრადი მობილობის, ასევე ენერგიის დაზოგვის საკითხებზე, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ქვეყნის მდგრად მომავალსა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მხარს უჭერს ამ ინიციატივას, რომელიც ურბანული ცხოვრების განვითარებისა და ჯანსაღი და სუფთა გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, მდგრადი მობილობის წახალისებას ემსახურება”, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
„საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა” 2021 წლიდან ხორციელდება. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დახმარებას ენერგეტიკულ სექტორში რეფორმების განხორციელებისა და იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელიც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყანას ეკისრება შემდეგი მიმართულებებით: ენერგოეფექტურობა, შენობების ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიების წახალისება და ენერგეტიკული ბაზარი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826