საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს.
შეთანხმებას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ტალეჰ კაზიმოვმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმით მხარეები თანხმდებიან ორი ქვეყნის ფინანსური სექტორის რეგულირებისა და ზედამხედველობის სფეროში თანამშრომლობაზე, მათ შორის, ფინანსური ტექნოლოგიების, მონეტარული პოლიტიკის, საგადახდო სისტემების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის სფეროებში თანამშრომლობაზე. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობასა და ინფორმაციის გაცვლას ურთიერთმხარდამჭერ პრინციპებზე დაყრდნობით.
„აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის სულ უფრო ძლიერდება ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა და საბანკო/საფინანსო სექტორი უნდა გაყვეს ამ ტენდენციებს. ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ გავაძლიეროთ ურთიერთთანამშრომლობა აქტუალური მიმართულებით. მათ შორის, საგადახდო სისტემების დაახლოების კუთხით, რაც ჩვენს საბანკო სისტემას საშუალებას მისცემს სწრაფად და ხარისხიანად უზრუნველყოს ვაჭრობის ნაკადები და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და ტრანზაქციები. ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ფინტექების, საფინანსო ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში საერთო გამოწვევები გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია გავცვალოთ ხედვები, გამოცდილება და ინფორმაცია მაკროეკონომიკური პროგნოზების თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი ვიზიტი თბილისში დაიგეგმება და ეროვნულ ბანკს ჩემი აზერბაიჯანელი კოლეგა ესტუმრება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826