საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელის ინოვაციების ჰაბთან თანამშრომლობას იწყებს
საქართველოს ეროვნული ბანკი ბაზელის ინოვაციის ჰაბთან (BISIH) ციფრული ლარის თემაზე ითანამშრომლებს. სებ-ი ბაზელის ინოვაციის ჰონგ-კონგის ცენტრის mBridge-სა და Aurum-ის პროექტებში ჩაერთვება და ტექნოლოგიების, ცოდნის, ექსპერტიზის გაზიარების შესაძლებლობა ექნება.
ბაზელის ინოვაციის ჰაბი (BISIH) 2019 წელს დაარსდა. მისი მიზანია ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზით.
mBridge-ს პროექტის ფარგლებში ხდება ქვეყნებს შორის გადახდის ტესტირება DLT ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმის საშუალებით, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ გამოუშვან ციფრული ვალუტები და ერთმანეთთან განახორციელონ ტრანზაქციები.
პროექტი Aurum-ი საცალო ციფრული ვალუტის (CBDC) პროექტია, რომლის ფარგლებშიც ხდება შუალედური CBDC-ისა და CBDC-ით უზრუნველყოფილი სთეიბლქოინების არქიტექტურების შესწავლა და მათთვის ტექნოლოგიური პროტოტიპის აგება. აღნიშნული ტექნოლოგიური პროტოტიპის დიზაინი დაფუძნებულია უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის პრინციპებზე. ბაზელის წევრ ცენტრალურ ბანკებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ წვდომა ამ პროექტის ფარგლებში შემუშავებულ ტექნიკურ სახელმძღვანელოზე და სხვა საჭირო მასალებზე, რომელთა გამოყენებითაც უფრო გამარტივდება ექსპერიმენტების ჩატარება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ციფრული ვალუტის განვითარების პროცესს.
აღნიშნულ პროექტებში ჩართვით, ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ექნება გაიზიაროს სხვა ქვეყნების ციფრული ვალუტის გამოცდილება, დატესტოს საკუთარი CBDC-ის ტექნოლოგია და საწყის ეტაპებზე მიიღოს ყველა ის სარგებელი, რომელსაც ბაზელის ინოვაციის ჰაბი ცენტრალურ ბანკებს სთავაზობს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826