საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სს „ქართუ ბანკის" თითქოსდა სპეციალურად დაჯარიმების შესახებ, არის სრული სპეკულაცია და მოსახლეობის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
მოგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში ახორციელებს საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენლის პერიოდულ შემოწმებას. სებ-ის პირდაპირი ვალდებულებაა, მოიკვლიოს რეგულაციების დარღვევის ფაქტები და მოახდინოს რეაგირება. შემოწმება მიზნად ისახავს მოქმედ კანონმდებლობასთან კომერციული ბანკის შესაბამისობის დადგენას, მათ შორის, შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას.
შემოწმების შედეგად, საფინანსო სექტორის წარმომადგენელთათვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები და გასატარებელი ღონისძიებები. მათ შორის, სებ-ის ზედამხედველობის ფარგლებში, შესაძლოა კომერციულ სუბიექტს ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. ცნობისთვის, ბოლო 5 წლის განმავლობაში ბანკებისთვის დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა 100-ზე მეტია.
მათ შორის, არსებული მიდგომით ისარგებლა სებ-მა სს „ქართუ ბანკთან" მიმართებაშიც. 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, „ქართუ ბანკის" მხრიდან კონკრეტული ტრანზაქციის განხორციელება-აღრიცხვის პროცესში, მოქმედ რეგულაციებთან მთელი რიგი შეუსაბამობები დადგინდა ანალიზისა და შესწავლის შედეგად და არა - მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, როგორც ეს სხვადასხვა მხარის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებში ისმის.
შესწავლის შედეგად, ბანკს დაუწესდა ჯარიმა და მიეცა მითითებები.
ასევე სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს „ქართუ ბანკი" აქამდე არ დაჯარიმებულა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სებ-ის მიერ არაერთხელ გამოყენებულა სხვადასხვა სახის საჯარიმო ზომა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, მათ შორის „ქართუ ბანკის" მიმართაც.
აქვე ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო სისტემის საზედამხედველო პროცესი საერთაშორისოდ აღიარებული რისკზე დამყარებული მიდგომის შესაბამისად წარიმართება. აღნიშნული, მათ შორის, მოიცავს საჯარო ინფორმაციის განგრძობით მონიტორინგს, რათა მაქსიმალურად ადეკვატურად მოხდეს ამა თუ იმ კომერციული ბანკის რისკის პროფილის შეფასება და საზედამხედველო გადაწყვეტილებების მიღება.
ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმების დაწესება ეროვნული ბანკისთვის ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილებაა. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია ყველა ის კითხვა, რომელიც სებ-ის მიერ მანდატით მინიჭებული ვალდებულების პირნათლად შესრულების გამო გაჩნდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826