საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ჯარიმების მოცულობას საზედამხედველო კაპიტალის 1%-მდე ზრდის
საქართველოს კომერციული ბანკების მიერ კანონმდებლობის, მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დაწესებული ფულადი ჯარიმის შესაძლო მაქსიმალური ოდენობა გაიზარდა.
შესაბამისი ცვლილება, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო, მათ შორის ევროპული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შემუშავდა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით „კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ შევიდა.
ცვლილების მიხედვით, მაქსიმალური ჯარიმის ოდენობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-იდან გაიზარდა 1%-მდე. არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა დარღვევის სერიოზულობის, ან/და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებული ზარალისა ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე მოხდება.
ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიერ კანონმდებლობის, მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის შესაბამისი საზედამხედველო ზომების და სანქციის-ფულადი ჯარიმის გამოყენება მსოფლიოს განვითარებულ და წამყვან ქვეყნებში დამკვიდრებულ და აპრობირებულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება. ამავე პრაქტიკის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამა თუ იმ დარღვევისთვის განსაზღვრული ფულადი ჯარიმა უნდა იყოს ეფექტური, პროპორციული და ჰქონდეს პრევენციული ეფექტი. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ფულადი ჯარიმა განისაზღვროს როგორც დარღვევის, ისე საზედამხედველო სუბიექტის ზომის და განვითარების დონის პროპორციულად. საქართველოს საბანკო სექტორი კი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც დასტურდება შესაბამისი მაჩვენებლებით. აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საბანკო სექტორი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც დასტურდება შესაბამისი მაჩვენებლებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცალკეული დარღვევებისათვის მარეგულირებელი ჩარჩოთი გათვალისწინებული ფულადი ჯარიმების შესაძლო მაქსიმალური ოდენობის გაზრდა.
აღსანიშნავია, რომ როგორც ევროკავშირის, ისე მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკისა და გამოყენებული ფულადი ჯარიმების საშუალო ოდენობის ანალიზი ცხადყოფს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი ჯარიმების როგორც ფიქსირებული, ისე შესაძლო მაქსიმალური ოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნაკლებია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826