საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების მორიგ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში არსებულ ტენდენციებს, გატარებულ პოლიტიკასა და სამომავლო გეგმებს მიმოიხილავს. მდგრადი დაფინანსების მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით და ეროვნული ბანკის მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და გეგმების გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ანგარიშისგამოქვეყნება 2021 წლიდან დაიწყო.
მდგრადი დაფინანსების ანგარიში ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და გატარებულ პოლიტიკას აღწერს. აქვე წარმოდგენილია მიმდინარე და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი პროექტები. მეორე ნაწილი კი მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ფინანსურ სექტორში არსებულ ტენდენციებს მიმოიხილავს. კერძოდ, გაანალიზებულია კომერციული ბანკების მიერ 2024 წელს ESG ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაცია. აღნიშნული ფორმების შევსება გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების გამჟღავნების სავალდებულო მოთხოვნის ფარგლებში 2021 წლიდან განხორციელდება. თითოეული ბანკის მიერ შევსებული ESG ფორმა ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებას და მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის შესრულებას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826