საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისისა და რეგიონების უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ფინანსური განათლების თემაზე სემინარი გაიმართა.
შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის სებ-ის ფუნქციების, მიმართულებებისა და საფინანსო სექტორის საქმიანობის უკეთ გაცნობა იყო. სემინარის ფარგლებში ჩატარდა სესიები ისეთ თემებზე, როგორებიცაა ფინანსური ბაზრების სტაბილურობა, მომხმარებელთა უფლებები, ფინანსური რეზერვების მართვა, ფულის გათეთრებასთან ბრძოლა, საბანკო და არასაბანკო ზედამხედველობის რეგულირება და სხვა.
სტუდენტები ასევე გაეცნენ ქვეყანაში ძირითადი საგადახდო სისტემების მუშაობის სპეციფიკას, ფასიანი ქაღალდების ბაზრისა და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების საქმიანობის რეგულირების დეტალებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებს.
სემინარს ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა და ყოველი სესიის ბოლოს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო თემებზე სპიკერებისთვის შეკითხვები დაესვათ.
ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა და მასში სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 40-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.
ახალგაზრდებში ფინანსური და ეკონომიკური განათლების დონის ამაღლება ეროვნული ბანკის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიზნით ბოლო წლებში არაერთი საგანმანათლებლო აქტივობა წარმატებით განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826