საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი $6 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას EMAAR ჯგუფი განახორციელებს - პრემიერი
დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო, 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ შეთანხმებას ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.
„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები, პირველ რიგში, შეხვედრა გვქონდა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, აბუ-დაბის მმართველთან, ასევე გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები მინისტრებთან, მთავრობის წევრებთან. განვიხილეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი, პოლიტიკური თანამშრომლობა და ბევრი ვიმსჯელეთ ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა კონკრეტული, ძალიან საინტერესო მიმართულებები, სადაც კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია გავაღრმაოთ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე კომპანია, ეს არის ცნობილი EMAAR ჯგუფი. განხორციელდება ძალიან საინტერესო პროექტი, ეს არის მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებსაც ჩვენს ქვეყანაში.
მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას და EMAAR ჯგუფს, ის ხელმძღვანელს ბატონ ალაბარს, ყველას განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის და დღევანდელი შეთანხმებისთვის, რასაც ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიური განვითარებისთვის,"- განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826