,,საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო’’ 1 იანვრიდან სახელწოდებას იცვლის
კონკურენციის შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები 2024 წლის 1 იავრიდან ძალაში შედის. ცვლილებების მიხედვით, ძლიერდება კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება, ზუსტდება ტექნიკური დეტალები/ტერმინები და იცვლება უწყების სახელწოდება. ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიცირებით მიიღო.
კერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის აღსრულების დაწყებით სააგენტოს მანდატი და ფუნქციები გაიზარდა, უწყების სახელწოდება დარედაქტირდა შემდეგნაირად - „საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო“ | "Georgian Competition and Consumer Agency.
მიღებული ცვლილებების შესაბამისად:
• სააგენტოს მიერ ადგილზე შემოწმებისას, უფლებამოსილი პირების ადგილზე არდაშვება ან/და შემოწმების პროცესის ხელის შეშლა გამოიწვევს ეკონომიკური აგენტის დაჯარიმებას. კერძოდ, ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 20 000 ლარის ოდენობით.
• საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ადგილზე შემოწმების პროცესში მონაწილეობა სხვადასხვა სამართალდამცავი ან საექსპერტო უწყებების შესაბამისმა წარმომადგენლებმა მიიღონ.
• კანონში წლიური ბრუნვის ცნება, ჩანაცვლდა ტერმინით „ერთობლივი შემოსავალი“, რაც შეესაბამება საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებულ განმარტებას.
• მიღებული ცვლილებების თანახმად, საჩივრის გახმობის ვადა იზღუდება და ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების პროექტის მიღებამდე.
• კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს წინასწარ წერილობით, სრულყოფილად უნდა წარედგინოს შეტყობინება იმ კონცენტრაციის თაობაზე, რომლის მონაწილე ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების როგორც ინდივიდუალური, ისე ჯამური ერთობლივი შემოსავალი კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
• კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 5 დღიანი სამუშაო ვადა 10 სამუშაო დღემდე გაიზარდა. ასევე, ფიზიკურ პირს, ვისაც კონცენტრაციის შეტყობინების ვალდებულება წარმოეშობა და ამ ვალდებულებას დაარღვევს, დაეკისრება ჯარიმა, მაქსიმუმ, 10 000 ლარის ოდენობით.
• "კონკურენციის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებებით დაინერგა თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილე პირის/პირების ვინაობისა და მათ მიერ მოწოდებული მონაცემების კონფიდენციალურობის გარანტიები.
მიღებული ცვლილებები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციის და სააგენტოს პრაქტიკაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826