საქართველოს, როგორც რეგიონული „ჰაბის“ პოზიცია, შუა დერეფნის განვითარების შემთხვევაში კიდევ უფრო გაძლიერდება - მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკმა თავისი ახალი ყოვლისმომცველი კვლევა „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი - დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ თბილისში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე წარადგინა.
კვლევა გვაწვდის შუა დერეფანთან დაკავშირებით მოსალოდნელი მოთხოვნის სიღრმისეულ შეფასებას და გვთავაზობს ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკური სერვისების სიმძლავრის და დაბრკოლებების დეტალურ დიაგნოსტიკას დერეფნის გასწვრივ მდებარე სამ ქვეყანაში: საქართველოში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში.
ჰიბრიდულმა რეგიონულმა ღონისძიებამ - „შუა დერეფნის პოტენციალის ათვისება“ თანამშრომლობის მიზნით გამართული სადისკუსიო პლატფორმის როლი შეასრულა, რომელიც შეეხო შუა დერეფნის ოპერაციული ეფექტიანობის ამაღლებას და არსებულ პრობლემებზე რეაგირებას.
საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობების ოფიციალურმა პირებმა და ასევე კერძო სექტორის დაინტერესებულმა მხარეებმა, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორებმა, ანალიტიკურმა ცენტრებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა თავი მოიყარეს კვლევის ძირითადი მიგნებების განსახილველად, სადაც ძირითადი აქცენტი ანალიზიდან მოქმედებაზე გადასვლაზე გაკეთდა.
შუა დერეფნის მნიშვნელობა და სიძლიერე იმ სარგებელს უკავშირდება, რომლის მოტანაც მას შიდარეგიონული სავაჭრო დერეფნის სახით შეუძლია.
ვაჭრობის ზრდა აზერბაიჯანს, საქართველოს, ყაზახეთსა და ევროპას შორის მოთხოვნის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს შიდა რეგიონული ვაჭრობის მატებას 37 პროცენტით და ვაჭრობის 28 პროცენტიან ზრდას აღნიშნულ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის 2030 წლისთვის (2021 წელთან შედარებით).
ანგარიში განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკას და ინვესტიციებს, რომლებიც საჭიროა ტრანსპორტთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის და ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, რომელიც გულისხმობს:
დერეფნის გასწვრივ ლოგისტიკური გადაწყვეტების შემუშავებას შეუფერხებელი ოპერირების უზრუნველსაყოფად;
პროცესების და პროცედურების რეფორმირებას და გამარტივებას, განსაკუთრებით სასაზღვრო - გამშვებ პუნქტებში, ტრანსპორტის მოძრაობის, მონაცემების და მულტიმოდალური დერეფნების მახასიათებლების გაცვლის გასაადვილებლად;
დიგიტალიზაციის კოორდინირებას საზღვარზე და ოპერაციულ ინტერფეისებში, მიკვლევის გასაძლიერებლად და შეფერხებების შესამცირებლად. ერთიან, ოპერაციულად თავსებად ჩარჩოს შეუძლია დერეფანში პროცესების და საქმიანობის ციფრული გარდაქმნის ხელშეწყობა;
აქცენტირებას კასპიისა და შავი ზღვის გადასასვლელების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად გემების ხელმისაწვდომობის თვალაზრისით არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე და პორტის პროდუქტიულობის გაუმჯობესებაზე;
საინვესტიციო პრიორიტეტების შეფასების ერთიან სისტემაზე შეთანხმებას. ანგარიში განსაზღვრავს საინვესტიციო შესაძლებლობების რაოდენობას, რომელიც შემდგომ შეფასებას და პრიორიტეტების განსაზღვრას საჭიროებს.
კვლევის თანახმად, საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის ევროპასთან დამაკავშირებელ ისტორიულ კარიბჭეს, რეგიონული „ჰაბის“ პოზიცია უკავია ვაჭრობის და ტრანზიტის თვალსაზრისით, რომელიც შუა დერეფნის განვითარების შემთხვევაში კიდევ უფრო გაძლიერდება.
მსოფლიო ბანკის ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს პოტენციალს გააუმჯობესოს კავშირები აზიის და ევროპის ძირითად ეკონომიკურ ცენტრებთან, ხელი შეუწყოს შეუფერხებელ ვაჭრობას და წვდომას ახალ ბაზრებთან საქართველოში წარმოებული საქონლისა და სერვისებისთვის.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826