საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა
დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ლიბერალიზაციას საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურებისთვის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, შეთანხმება ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ, რომელიც თავისი არსით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი თაობის შეთანხმებას წარმოადგენს, კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყანას შორის ეკონომიკურ ინტეგრაციას. „აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ეს ამ ტიპის პირველი შეთანხმებაა ყურის არაბულ სახელმწიფოსთან. საქართველოს მიმზიდველობას ისიც აძლიერებს, რომ ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორ დიდ ეკონომიკასთან - ევროკავშირთან და ჩინეთთან. საქართველოს ეს სტრატეგიული უპირატესობა არაბულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, საინვესტიციო შესაძლებლობები გამოიყენონ და მიიღონ ამ ბაზრებზე წვდომა. ამ შეთანხმების ამოქმედებით, საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობებში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.
შეთანხმების ამოქმედების შემდგომ ემირატების მხრიდან მყისიერად გაიხსნება ბაზარი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქციაზე, როგორიცაა: საქონლისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეულის კონსერვების ძირითადი ნაწილი, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილის ნაწარმი და ა.შ.
არაბეთის გაერთიანებული საემიროები უკვე არის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორი არაბულ ქვეყნებს შორის. 2023 წლის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის გაიზარდა 39%-ით წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, მათ შორის, ექსპორტი გაიზარდა 73%-ით.
შეთანხმება ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას სხვადასხვა სექტორში. არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან 2023 წლის მონაცემებით საქართველოში ინვესტიციების მოცულობა 29%-ით გაიზარდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826