საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს შორის 1000 მგვტ სიმძლავრის მიმოცვლა გახდება შესაძლებელი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ქვესადგური „გარდაბანი-500" - ის ტერიტორიაზე განხორციელებული სარეკონტრუქციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. „გარდაბანი-500" ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის საკვანძო ქვესადგურია.ზამთრის პერიოდში, როდესაც საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია იკლებს, თბოსადგურებისა და სატრანზიტო ელექტროგადამცემი ხაზების ხარჯზე, ქვესადგური საქართველოს ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის მოხმარების 60-70%-ს უზრუნველყოფს.
მასთან ერთად ქვესადგურში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და სს „საქრუსენერგოს" გენერალურმა დირექტორმა ბაჩანა სულაძემ.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ქვესადგურში მასშტაბური სამუშაოების განხორციელებამ ქვესადგურის გამტარუნარიანობის ზრდას ხელი შეუწყო. „პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს შორის შესაძლებელი გახდება 1000 მგვტ სიმძლავრის შეუფერხებლად მიმოცვლა, როგორც ექსპორტ-იმპორტის, ასევე ტრანზიტის მიმართულებით," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. მისი თქმით, პროექტის განხორციელება, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 20 მლნ ლარს შეადგენდა, აზერბაიჯანთან სინქრონული ოპერირების საიმედოობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ამასთან, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, პროექტის დასრულება, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის სტაბილურ ელექტრომომარაგებას.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასასრულს, განხორციელდა ქვესადგური„გარდაბანი-500"-ის სრული რეკონსტრუქცია - მოეწყო 330 და 220 კვ. ახალი უჯრედები, ექსპლუატაციაში შევიდა 400 მვა სიმძლავრის, 330 კვ. მეორე ავტოტრანსფორმატორი. სამუშაოები საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, 330 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი" გაორჯაჭვიანების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა.აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზი ქვესადგურების „გარდაბანი-500" და „აღსტაფა" მეშვეობით ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826