საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობა - ლევან დავითაშვილი
პირველმა ვიცე - პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე, ასევე მიმდინარე პროექტებზე იმსჯელეს.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობა. ამიტომ ყოველწლიურად ვიკრიბებით და წლის გეგმებზე ვსაუბრობთ. დღეს ჩემს კოლეგასთან, შეხვედრისას საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტის - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის საკითხს - წელს ბოლო ეტაპის სამუშაოები შედის ექსპლუატაციაში. ასევე ვისაუბრეთ ერთობლივ საწარმოზე, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის იქმნება და რომელიც ამ ინფრასტრუქტურის ოპერირებას განახორციელებს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ეს მონაკვეთი უფრო ეფექტურად დავტვირთოთ და მეტი ტვირთი მოვიზიდოთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა, შპს „მარაბდა-კარწახის" ხელმძღვანელმა ლევან კანკავამ, სს „საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელმა პირებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ირაკლი შენგელიამ. აზერბაიჯანის დელეგაციაში - რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევის ხელმძღვანელობით, ასევე წარმოდგენილნი იყვნენ „აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარე როვშან რუსტამოვი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი და დელეგაციის სხვა წევრები.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826