საქართველოსა და თურქმენეთს შორის პრიორიტეტულ ეკონომიკურ საკითხებზე ოქმი გაფორმდა
ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო - ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრმა ბეგენჩ გოჩმოლაევმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის რიგით მეოთხე მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც მხარეებმა პრიორიტეტული ეკონომიკური საკითხები განსაზღვრეს. ეს ეხება ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებს.
„განსაკუთრებული ყურადღება მივანიჭეთ თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში - საუბარია იმაზე, რომ მინერალური სასუქებისა და ნავთობპროდუქტების მოცულობა, რომელთა ტრანსპორტირება საქართველოში, შუა დერეფანში თურქმენეთიდან ხორციელდება, გაიზარდოს.
ასევე დაისახა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. მიმდინარე წლის განმავლობაში სამუშაო ჯგუფები ორი ქვეყნიდან იმუშავებენ, რათა ეს შეთანხმებები კონკრეტულ შედეგებში აისახოს," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კომისიის სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ.
კომისიის სხდომაზე ასევე გამოითქვა ინტერესი თანამშრომლობაზე ციფრული დერეფნის განვითარების, აგრეთვე ტურიზმის, ორმხრივი ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
სხდომაზე ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა თურქმენეთის დელეგაციის ხელმძღვანელი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში გაიმართება. მან იმედი გამოთქვა, რომ ფორუმზე თურქმენეთის დელეგაცია მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826