საქართველოში არ და ვერ ოპერირებენ ავიაკომპანიები, რომლებიც არიან სანქცირებულთა სიაში - მარიამ ქვრივიშვილი
რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიის შეჯამება, სადაც საფუძვლიანად ვისაუბრებთ ამა თუ იმ ქვეყანას რა დადებითი ეფექტი ჰქონდა და თუ როგორ იმოქმედა საგარეო ფაქტორებმა საქართველოს ამ სექტორებზე და რა გეგმები გვაქვს სამომავლოდ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების დაწყების ეფექტს ეხებოდა, თქვა, რომ ამ შემთხვევასი მნიშვნელოვანია, ბაზრების დივერსიფიკაციაზე.
„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და თითოეული დარგის განვითარება ეფუძნება დივერსიფიკაციის პოლიტიკას. მათ შორის როცა ვსაუბრობთ ე.წ მანძილის ქვეყნებზე, ყურის ქვეყნებზე, ევროპის ქვეყნებსა და ასევე მეზობელი ქვეყნების როლზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში.
მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულად იზრდებოდეს ტურისტული ნაკადები და შესაბამისად შემოსავლები. როდესაც ტურისტული ნაკადებიდან მიღებულ შემოსავლებზე ვსაუბრობთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს შესაძლებლობა მივიღოთ მეტი ტურისტი, როგორც სახმელეთო ისე საჰაერო გზით.
ჩვენი კერძო სექტორი, მცირე და საშუალო მეწარმეები ყველა ტურისტულ ბაზარზე მუშაობენ საკმაოდ აქტიურად და წარმატებულად. პირდაპირი ფრენები რუსეთთან აღდგა 2023 წელს და იცით, რომ საქართველოს აქვს განსხვავებული მიდგომა მათ შორის ჩვენი მეზობელი სხვა ქვეყნების მხრიდან. საქართველო რჩება ერთგული იმ გადაწყვეტილების, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში არ და ვერ ოპერირებენ ავიაკომპანიები, რომლებიც არიან სანქცირებულთა სიაში და ასევე ისინი ვერ იყენებენ ისეთ ხომალდებს, რომლებიც არიან სანქცირებული ხომალდების ჩამონათვალში. ეს ერთის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო რჩება ერთგული ამ გადაწყვეტილების და საერთაშორისო თანამეგობრობის, ხოლო მეორეს მხრივ ჩვენ ვიღებთ ისეთ ავიაკომპანიებსა და საჰაერო ხომალდებს, რომელიც არ არიან სანქცირებულთა სიაში“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826