საქართველოში ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა 9,5% შეადგინა, რითაც გამორჩეულია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში - ლაშა ხუციშვილი
გასული წელი საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოირჩეოდა. საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9,5% შეადგინა, რითაც გამორჩეულია საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ფიქსირდება მთელს მსოფლიოში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სამუშაო წლის შეფასებაზე საუბრისას.
„პრემიერის პრიორიტეტი იყო ის, რომ ბალანსი მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო, როგორც სოციალურ, ასევე ინფრასტრუქტურულ მიმართულებაზე. ერთის მხრივ კაპიტალური დანახარჯები, რომელიც ასევე თავის მხრივ მაღალი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორია, თუმცა, მეორეს მხრივ სოციალური მიმართულება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის“, აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826