საქართველოში Emaar ჯგუფის შემოსვლა ხელს შეუწყობს მრავალი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას - პრემიერი
Emaar ჯგუფი არის უმსხვილესი ინვესტორი უძრავი ქონების სფეროში და ერთი რამ უნდა ითქვას, რომ სადაც ხელი მოჰკიდა კონკრეტულ პროექტს Emaar ჯგუფმა, ყველგან მიიყვანა სათანადო ვადებში ბოლომდე სრული მასშტაბით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოეწერა ხელი, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ინტერესით ველოდებით ამ პროექტის დაწყებას. 6 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რაც ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას ძალიან მნიშვნელოვნად, დამატებით შეუწყობს ხელს. რომ წარმოიდგინოთ ჩვენი ეკონომიკა დღეს არის 30 მილიარდ დოლარზე ოდნავ მეტი და ამ ინვესტიციის მოცულობა არის 6 მილიარდი, ეს არის დაახლოებით 18% ჩვენი ეკონომიკის, ის ინვესტიცია, რაც ჩაიდება შემდეგი 5 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს, როგორც ეკონომიკის განვითარებას, ასევე მრავალი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, თან საუბარია მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე. ყველა თვალსაზრისით არის უპრეცენდენტო და უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826