საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, რაც გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაზე მიუთითებს
საქართველოში, 2023 წლის დასაწყისიდან, ინფლაცია სამიზნე 3 პროცენტიან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. დაბალი და სტაბილური ინფლაცია მდგრად ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. აღნიშნული, კი თავისმხრივ მიმდინარე გაურკვევლობის პირობებში, უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
ინფლაციის მიზნობრივ ფარგლებში შენარჩუნება, უმეტესწილად, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა სწორმა / ადეკვატურმა მონეტარულმა პოლიტიკამ უზრუნველყო. ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია და დეკემბრის მდგომარეობით 2.2% შეადგინა. ინფლაციის დაბალ დონეს საქართველოში, ასევე იმპორტირებული პროდუქტების დეფლაცია განაპირობებს.
სებ-ის ბოლო პროგნოზით კი მოკლევადიან პერიოდში, ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება. ეროვნული ბანკის შეფასებით, შემდგომ, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გამოც, მას დროებით გადააჭარბებს და საშუალოვადიან პერიოდში 3%-ის ირგვლივ საბოლოოდ დასტაბილურდება.
ცნობისთვის, მსოფლიოში გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გახანგრძლივებულად შენარჩუნების ფონზე გლობალურმა ინფლაციამ ეტაპობრივად შემცირება დაიწყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ინფლაციის დინამიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობა მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც წამყვან ცენტრალურ ბანკებს სიფრთხილისკენ უბიძგებს და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის ტემპს ანელებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826