საქართველოში „მწვანე წყალბადის" ტექნოლოგიის საპილოტე პროექტი დაიწყება
„საქართველო, როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, ჩართულია „მწვანე წყალბადის" პროექტის განვითარების პროცესში. ჩვენ არა მხოლოდ ვსწავლობთ ქვეყანაში აღნიშნული ტექნოლოგიური სიახლის დანერგვის შესაძლებლობას და ვეცნობით წარმატებულ მაგალითებს, არამედ ვიწყებთ საპილოტე პროექტს.
დიდი მადლობა მინდა გავუხადო გერმანიის მთავრობას, რომელიც გვეხმარება მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარებაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, რომელიც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას დაესწრო.
ხელმოწერა განვითარების შესახებ გერმანია - საქართველოს მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა.
შეთანხმება მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებებისათვის 1,3 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ენერგეტიკის სექტორის დირექტორმა ბოდო შმიულინგმა.
შეთანხმების თანახმად, ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები „მწვანე წყალბადის" ტექნოლოგიის დასანერგად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, პროექტირების, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების პროექტის იმპლემენტაციის მიზნით. განისაზღვრა, რომ ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ როგორც მწვანე წყალბადის საპილოტე საწარმო, ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826