საქართველოში ყავის იმპორტი მაქსიმუმზეა
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყავის იმპორტი 19%-ითაა გაზრდილი.
საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ 1,903.84 ტონა ყავა იყიდა, რაშიც 7,014.56 ათასი დოლარი გადაიხადა.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანამ 5,423.18 ათასი დოლარის 1,594.63 ტონა ყავა იყიდა.
2023 წლის 3 თვის სტატისტიკით, საქართველოში იმპორტირებული ყავის 41%-ი ინდონეზიაზე მოდის. იანვარ-მარტში საქართველომ ინდონეზიიდან 1,756.01 ათასი დოლარის ღირებულების 792.00 ტონა ყავა შემოიტანა.
მეორე ადგილზეა ვიეტნამი, საიდანაც 3 თვეში საქართველოში 403.47 ტონა ყავა შემოვიდა. მესამე ადგილზე კი რუსეთია, საიდანაც ყავის იმპორტმა 161.73 ტონა შეადგინა.
ირკვევა, რომ 2022 წელს საქართველოში ყავის იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
2022 წელს საქართველომ 28,234.95 ათასი დოლარის ღირებულების 7,661.33 ტონა ყავა იყიდა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 17%-იან ზრდას აჩვენებს.
რაც შეეხება ბოლო 14 წლის პირველი კვარტლების შედარებას უპირობო ლიდერი 2023 წლის პირველი კვარტალია. შესაბამისად მიმდინარე ეტაპისთვის საქართველოში ყავის იმპორტი მაქსიმუმზეა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826