საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 23%-ით გაიზარდა
2024 წლის იანვარ-ივნისში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 23%-ით გაიზარდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 11 022,855 ტონა შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 8 528,418 ტონა. შესაბამისად ზრდა 22,63%-ია.
2024 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის თებერვალში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით კლება 3%-ია. 2019 წელს იანვარ-ივნისში აეროპორტი 11 421,734 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2022 წლის იანვარ-ივნისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 8 788,996 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის 6 თვეში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 25%-იანი მატება დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826