საქართველოში შესაძლოა, სამრეწველო გამონაბოლქვმა მკვეთრად მოიმატოს - მსოფლიო ბანკი
მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ახალი ანგარიში „ფირმების მწვანე გარდაქმნა საქართველოში“, რომელიც ერთგვარი მოწოდების როლს ასრულებს პოლიტიკის შემმუშავებლების, კომპანიებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რათა ქვეყნის ენერგოეფექტურობის ამაღლება პრიორიტეტად მიიჩნიონ და მასში ინვესტირება განახორციელონ.
ანგარიშის თანახმად, ფირმების მწვანე გარდაქმნის დღის წესრიგი და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.
ანგარიში მიუთითებს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში ემისიები მნიშვნელოვნად გაიზარდა განსაკუთრებით მრეწველობაში, სატრანსპორტო სერვისებში, მშენებლობაში და ვაჭრობაში ჩართული ფირმების მხრიდან.
ანგარიში ყურადღებას ამახვილებს, რომ გადაუდებელი ღონისძიებების გარეშე, საქართველოში 2030 წელს სამრეწველო გამონაბოლქვი შეიძლება 90 პროცენტით უფრო მაღალი აღმოჩნდეს 2015 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით.
ბოლოდროინდელი პროგრესის მიუხედავად, ინსტიტუციური და მარეგულირებელი ჩარჩო საქართველოში კვლავ საჭიროებს მნიშვნელოვან გაძლიერებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. საქართველოში ამჟამად აღინიშნება ჩამორჩენა საკანონმდებლო ჩარჩოს იმ კონკრეტულ ნაბიჯებში გარდაქმნაში, რაც გაზრდის სტიმულებსა და შესაძლებლობებს ბიზნესინვესტიციებისთვის.
ეს დასტურდება მისი დაბალი რეიტინგით რეგიონის მსგავს ქვეყნებთან შედარებით მდგრადი ენერგეტიკის მარეგულირებელი ინდიკატორების შეფასებაში (RISE).
ანგარიში ხაზს უსვამს რამდენიმე ძირითად ელემენტს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს მწვანე გარდაქმნისთვის:
ენერგოეფექტურობის ამაღლებაში და განახლებადი ენერგიის წყაროებში ბიზნესინვესტიციების განსახორციელებლად წამახალისებელი ღონისძიებებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესების საჭიროება.
ფირმების 80 პროცენტისთვის ეფექტიანობის ამაღლება სავარაუდოდ ახალ ინვესტიციებს მოითხოვს. თუმცა, ფირმების დანარჩენი 20 პროცენტი არ საჭიროებს ახალ კაპიტალს ეფექტიანობის ასამაღლებლად და მათ აქვთ მთლიანი ემისიების ერთი მესამედით შემცირებაში წვლილის შეტანის პოტენციალი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826