საქართველოსთვის ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარეობა შესაძლებლობაა, წავახალისოთ რეგიონული თანამშრომლობა და ენერგეტიკული უსაფრთხოება გავაძლიეროთ - გენადი არველაძე
2025 წელს საქართველო საერთაშორისო ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა გახდა - ამ ფაქტთან დაკავშირებით ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი არტურ ლორკოვსკი, ორგანიზაციის სამდივნოსა და წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძის გამოსვლით გაიხსნა. „საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარეობას იწყებს. ეს არა მხოლოდ პასუხისმგებლობაა, არამედ შესაძლებლობა, წავახალისოთ რეგიონული თანამშრომლობა, გავაძლიეროთ ენერგეტიკული უსაფრთხოება და წინ წავწიოთ მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის პროცესი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. თავის გამოსვლაში გენადი არველაძემ აქცენტი იმ მიმართულებებზე გააკეთა, რომელთაც საქართველოს თავმჯდომარეობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა. მათ შორისაა ენერგოეფექტურობა, საკანონმდებლო დაახლოება ევროკავშირის ენერგეტიკულ რეგულაციებთან და ენერგოუსაფრთხოება.
როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, ენერგეტიკა მხოლოდ სექტორი არ არის - ეს არის ეკონომიკური სტაბილურობის, ინვესტიციების და რეგიონული თანამშრომლობის საფუძველი. „ჩვენი ერთგულება ენერგეტიკული სექტორის მოდერნიზების, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობისა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართ ურყევი რჩება. 2024 წელს ჩვენ ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით - ავამოქმედეთ დღით ადრე და დღიური ბაზრები, რაც ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზარზე უმტკივნეულოდ გადასვლის საფუძველს ქმნის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
გენადი არველაძემ გაერთიანების წევრებს ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტებზე, განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გაკეთდა. მისი თქმით, პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის ევროპის ენერგოსისტემასთან ინტეგრაციის პროცესში, მისი განხორციელების კუთხით მუშაობა მონაწილე ქვეყნების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს.
საზეიმო მიღების მონაწილეებს მიესალმა ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორი არტურ ლორკოვსკი, რომელმაც დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები ენერგეტიკის სექტორში და აღნიშნა ქვეყნის ლიდერი პოზიცია გაერთიანების სხვა წევრ სახელმწიფოებს შორის ენერგეტიკული რეფორმების გატარების კუთხით.
მიღებას ასევე დაესწრო საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ავსტრიის რესპუბლიკაში ალექსანდრე მაისურაძე.
საზეიმო მიღება დასრულდა ქართული ხალხური სიმღერებით, რომლებიც შეასრულა ავსტრიულმა ტრიომ „მეგობრები დუნაიზე", რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერებს 2014 წლიდან ასრულებს.
ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგეტიკული მდგრადობისა და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის კუთხით. საქართველომ, რომელიც ორგანიზაციაში 2017 წელს გაწევრიანდა, პირველად ჩაიბარა მისი თავმჯდომარეობა. აღსანიშნავია, რომ წელს ორგანიზაციის არსებობის 20 წლის იუბილე აღინიშნება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826