სახელმწიფო განაგრძობს ინვესტირებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ეს ეკოსისტემა უზრუნველყოფს, რომ საქართველო არამხოლოდ გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი, არამედ ჩვენ გავხდეთ ცენტრი, რომელსაც ექნება დიდი დატვირთვა ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისევე როგორც ჩვენი რეგიონისთვისაც - მარიამ ქვრივიშვილი
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რომელსაც უდიდესი როლი ექნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და განვითარებაში. ამავდროულად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს პოზიციონირებას, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულობას კიდევ უფრო მეტად გაამყარებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბრიფინგზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წელს, ისევე როგორც გასულ წელს, საგრძნობლად გაზრდილია ქვეყნის ყველა პორტში ტვირთნაკადები და ეს დინამიკა გრძელდება. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მომდევნო 3-4 წლის პერსპექტივაში საქართველოს მთავრობამ პარტნიორებთან ერთად უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა თანმდევი ინფრასტრუქტურა სატრანსპორტო ინდუსტრიასა და სექტორში პარალელურად განვითარდეს.
„ეს, რა თქმა უნდა, არ არის დამოკიდებული მხოლოდ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, ეს ძალიან დიდწილად დამოკიდებულია, მათ შორის, იმაზე, რომ პარალელურად უნდა უზრუნველვყოთ საქართველოს რკინიგზის განვითარება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მილიარდ ლარზე მეტის ინვესტირება მოხდება უახლოესი პერიოდის განმავლობაში, რათა საქართველოს რკინიგზამ უზრუნველყოს დამატებით ვაგონებისა და ლოკომოტივების შესყიდვა იმისთვის, რომ გაიზარდოს მისი ტვირთნაკადის გამტარუნარიანობის შესაძლებლობა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სახელმწიფო განაგრძობს ინვესტირებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალურ გზებში.
„მთელი ეს ეკოსისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო არამხოლოდ გახდეს ტრანზიტული და ლოგისტიკური ჰაბი და განაგრძოს ამ ფუნქციის ღირსეულად შესრულება, არამედ ჩვენ გავხდეთ ცენტრი, რომელსაც ექნება დიდი დატვირთვა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისევე როგორც ჩვენი რეგიონისთვისაც", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
მოდელის ცვლილება ასევე პასუხობს იმ დღევანდელ მოთხოვნებს, რომელიც გლობალური რეალობიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში - მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით
06.07.2026.18:13
მოდელის ცვლილება ასევე პასუხობს იმ დღევანდელ მოთხოვნებს, რომელიც გლობალური რეალობიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით„დღის ქრონიკის“ წამყვანის კითხვის პასუხად.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ აქტიურად იმუშავა, რომელი მოდელი იქნებოდა სწორი, რომლითაც უნდა იმუშაოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა.
„ეს იქნება სწორი პოლიტიკა, რომ პორტი იქნება ქართული, მაგრამ გვეყოლება პარტნიორები ოპერატორების სახით არაერთი სახელმწიფოდან, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების მოტანას, სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობას და შემდგომში ოპერირებას. მოდელის ცვლილება ასევე პასუხობს იმ დღევანდელ მოთხოვნებს, რომელიც გლობალური რეალობიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში.
ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ, რომ სწორად შეგვეფასებინა გაზრდილი და სამომავლო მოთხოვნიდან გამომდინარე, რა იქნებოდა ის სწორი მოდელი, რომლითაც უნდა იმუშაოს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა. ამ პროცესში და კვლევებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგრძნობლად გაიზარდოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის მოცულობებიც“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, 2029 წლისთვის სახელმწიფო ფიქრობს, რომ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს მშრალი და ნაყარი ტვირთების სატერმინალო გამტარობის ზრდაზე.
„რეალურად ვსაუბრობთ საკმაოდ ხელშესახებ გაზრდაზე. დაახლოებით 10 მილიონ ტონამდე გაიზრდება მშრალი და გამტარი ტვირთების გამტარობა. წინა ვერსიის მონაცემები იყო დაახლოებით მილიონ ნახევარი. წარმოიდგინეთ რამხელა გაზრდაზე გვაქვს საუბარი. მათ შორის საკონტეინერო ტვირთების გაფართოებასაც განვიხილავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დახვდეს მზად იმ გაზრდილ ტვირთნაკადს, რომელიც აუცილებლად იქნება გლობალურად“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. „ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით