სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კურორტ ბახმაროში, სასტუმრო „ბახმაროს“ ტერიტორიას საინვესტიციო ვალდებულებით ყიდის
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო კურორტ ბახმაროში რამდენიმე მიწის ნაკვეთს საინვესტიციო ვალდებულებით, ერთ ლოტად ყიდის. eauction.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ლოტის საწყისი ღირებულება 7 467 000 ლარია და მისი გასხვისება 22 დეკემბერს ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება. აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების უკან სასტუმრო კომპლექსი „ბახმარო“ მდებარეობდა.
ინვესტორი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 84 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავი ქონების განვითარების (რაც ასევე შეიძლება მოიცავდეს უძრავ ქონებაზე არსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ის ან მათი ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს) მიზნით, არანაკლებ 2 000 000 არის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ინვესტიცია განახორციელოს.
რეალურად აუქციონზე იყიდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 2816.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა, 1556.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები, 2121.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა. ასევე კურორტ ბახმაროში მდებარე 2588.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა (წყლის ავზი), გურიის ქუჩაზე მდებარე 6037.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და იმავდროულად 271.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 1061.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მოძრავი ქონება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826