სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება და განმარტავს, რომ სასტუმროს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და ამავე დროს შესრულებულია საპრივატიზებო პირობების ნაწილი.
„გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც შპს “სასტუმრო სიღნაღში-სთვის“ (შპს „სომგოს კომპანიის“ უფლებამონაცვლე) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პირობების ერთი წლით - 2024 წლის 1 დეკემბრამდე გადავადებას შეეხება.
აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოების მეტი ინფორმირებულობის მიზნით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ცვლილება შეიტანა მოქმედ განკარგულებაში.
აქვე აღსანიშნავია, რომ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ამავე დროს შესრულებულია საპრივატიზებო პირობების ნაწილი: მათ შორის, ინვესტიციის ოდენობა, რომელიც 20 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, აუდიტის დასკვნების საფუძველზე, 50 მლნ ლარამდეა განხორციელებული.
გამომდინარე აქედან, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ისეთი მასშტაბური პროექტის დასრულების ვადების ერთი წლით გადაწევის შესახებ, როგორიცაა სიღნაღში 100-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლა, რომელიც არა მხოლოდ დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ გახდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826