სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ექვსი თვის გეგმა 133%-ით შესრულდა - ნინო ენუქიძე
ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის მეორე კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 100.3%-ით შეასრულა.ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის ინფორმაციით, აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში, 2024 წლის მეორე კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 37,000,000 ლარის ნაცვლად, 37,102,291 ლარი გადარიცხა.
მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში 506 ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა.
მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სააგენტო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად შესთავაზებს.
„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე,“ - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.
აღსანიშნავია, რომ წარმატებული პრივატიზაციის შედეგად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში ჯამში 142 მლნ ლარზე მეტი თანხის მობილიზება შეძლო, ხოლო ექვსი თვის პრივატიზაციის გეგმით გათვალისწინებული 73 მლნ-ს ნაცვლად, სააგენტომ 97 მლნ ლარზე მეტი შეიტანა სახელმწიფო ბიუჯეტში, რითაც 6 თვის გეგმა 133%-ით შესრულდა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826