სახელმწიფო მიმდინარე წელს მიზნობრივად და სწორად დაეხმარა მეთხილე ფერმერებს - ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა.
„თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო კულტურაა, რომელის ექსპორტის 70%-ზე მეტი სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. წლების წინ, ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევა აზიური ფაროსანას სახით, თუმცა შემდგომ დავიწყეთ პროგრამა და სახელწმიფო ყოველწლიურად მნიშვნელოვან რესურსს მიმართავს ამ მავნებელთან საბრძოლველად. თუმცა ეს საკმარისი არაა, მნიშვნელოვანია თვითონ ფერმერების მიერ მათი ბაღების მოვლა. ჩვენ 2021 წელს გვქონდა კარგი მოსავალი, დაახლოებით 46 ათასი ტონა, შესაბამისად ექსპორტის მაჩვენებელიც კარგი იყო და ხარისხიც უკეთესი, თუმცა 2022 წელს სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელთა შორის იყო კლიმატური პირობებიც, მოვლა ვერ მოხერხდა და მოსავალიც არ იყო კარგი. ჩვენ დავინახეთ, რომ დარგი და ჩვენი ფერმერები საჭიროებდნენ ამ მიმართულებით მხარდაჭერას.
შევიმუშავეთ მიზნობრივი პროგრამა, რომელიც ევროპულ პრაქტიკას ეყრდნობა, სწორედ ევროკავშირში არის პირდაპირი გადახდების სისტემა, რომელზე დაფუძნებითაც შევიმუშავეთ პროგრამა და მიზანმიმართულად ფერმერებს ვეხმარებოდით მოვლის საშუალებების შეძენაში. მცირე ფერმერებს, ვისაც 3 ჰექტრამდე ფართობის თხილის ბაღები აქვთ, ჩვენ მივეცით ეს დახმარება.
ძალიან მოკლე დროში შევძელით კადასტრის გაკეთება, რომელმაც მოგვცა საშუალება იდენტიფიცირება გაგვეკეთებინა მეთხილე ფერმერების და მათთვის ეს დახმარება მიგვეცა. მნიშვნელოვანია, შესაბამისი წამლობების განხორციელება, რათა ფერმერმა უკეთესი ხარისხის მოსავალი მიიღოს.
ვინც მოუარა სწორად იმას აქვს კარგი მოსავალი, როცა გაქვს ხარისხიანი მოსავალი იმის ფასი უკეთესია. სახელმწიფო მიმდინარე წელს მიზნობრივად და სწორად დაეხმარა მეთხილე ფერმერებს და საჭიროების შესაბამისად გავაგრძელებთ შემდგომ მხარდაჭერას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826