სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განცხადებების მიღება გრძელდება
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეირჩა და გამოქვეყნდა მერვე ეტაპზე იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 22 თებერვალს დაიწყო და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოქვეყნებულია კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონების 88 ერთეული საძოვრის მონაცემები.
მათ შორის, დედოფლისწყარო - 13, სიღნაღი - 1, ლაგოდეხი - 5, ახალციხე - 2, ნინოწმინდა - 1, ბორჯომი - 24, დმანისი - 19, მარნეული - 6, ხობი - 4, წალენჯიხა - 1, ვანი - 6, ჭიათურა - 2, ზესტაფონი - 1, ლანჩხუთი - 3.
2022 წლის 28 მარტიდან სააგენტომ შეარჩია და შვიდ ეტაპად გამოაქვეყნა იჯარით გასაცემი საძოვრების მონაცემები.
ჯამში, ინტერესი გამოიხატა 212 კოდზე და მასთან დაკავშირებული მონაცემები გადაიგზავნა ქონების ეროვნულ სააგენტოში. პირდაპირი წესით გადაცემას დაექვემდებარა 119 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 12650 ჰა; ხოლო აუქციონის წესით გადაცემას - 93 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 14495 ჰა.
ქონების ეროვნულ სააგენტოში ჩატარებულია აუქციონები 86 მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართობით 133271 ჰა. იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა 47 (6318 ჰა.) მიწის ნაკვეთზე. ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება.
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდებზე (www.land.gov.ge www.mepa.gov.ge), ასევე სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 6 ოქტომბერს დაამტკიცა.
პროგრამა მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის მფლობელ ფერმერებს საშუალებას აძლევს, სასურველი საძოვარი აუქციონის გზით მიიღონ და სამწლიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში განკარგონ.
პროგრამა, საძოვრებზე ლეგიტიმური კერძო პასუხისმგებლობის გაჩენით, ხელს შეუწყობს მათ რაციონალურ გამოყენებას, დაიცავს დეგრადაციისგან და, ამავდროულად, მეცხოველეობის დარგის განვითარებას დაეხმარება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826