სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციით ბიუჯეტმა 700 მლნ ლარის დანაზოგი მიიღო, რომელიც საწარმოების შემდგომი გაძლიერებისკენ მიიმართება - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, უწყებამ სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის პირველადი გეგმა მოამზადა. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის გეგმა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით მომზადდა და პროცესი საწარმოებში უკვე მიმდინარეობს.
„აღნიშნული ოპტიმიზაციის გეგმით ბიუჯეტმა 700 მლნ ლარის დანაზოგი მიიღო, რაც განპირობებულია მასშტაბური საკადრო ოპტიმიზაციით, ასევე შესყიდვების, მომსახურების ხარჯების, გარკვეული პროექტების მიზნობრიობისა და ღირებულებების შემცირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული თანხა სრულად მიიმართება უშუალოდ საწარმოების შემდგომ გაძლიერება-გაჯანსაღებაში და მიზნობრივი პროექტების განხორციელებაში" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო უწყებების ოპტიმიზაციის პროცესს უდიდესი გავლენა ექნება მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე სხვადასხვა მიმართულებით - სექტორულ გაძლიერებასა და განვითარებაზე.
„ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ოპტიმიზაციის შემდგომ ეტაპებს და ახალ ხედვებს წარმოვადგენთ უშუალოდ სექტორული და საწარმოების გაჯანსაღება-განვითარების კუთხით. პროცესის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოება ინფორმაციას ძალიან მალე შეიტყობს"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826