სახელმწიფო თავად განავითარებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს - მარიამ ქვრივიშვილი
„ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 7 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიციების ფარგლებში აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზები, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და საქართველოს მთავრობა ასევე განაგრძობს ინვესტიციას საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაში.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის „ლენდლორდის" მოდელით აშენდება და მისი მფლობელი სახელმწიფო იქნება.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ჩვენი ქვეყნისთვის ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი ქვეყნისთვის - სტრატეგიული ობიექტის მფლობელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემთხვევაში იქნება სახელმწიფო. სახელმწიფო თავად განავითარებს პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ძალიან დიდი დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ოპერირებასთან დაკავშირებით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, საქართველოს პარტნიორი ქვეყნიდან - მათ შორის აზერბაიჯანიდან, ასევე დასავლური კომპანიებიდან.
„ჩვენს ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან სწორი პოლიტიკით, ძალიან სწორი მიდგომით აირჩიოს ის პარტნიორები, რომლებთან ერთადაც უკვე ოპერირების განსხვავებული მოდელით, ქართული მფლობელობით, მაგრამ საერთაშორისო თანამშრომლობით უზრუნველყოფს ტვირთნაკადების მოზიდვას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსაკუთრებულ წარმატებას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული - ECB-ის პრეზიდენტი ციფრული ევროს პროექტზე
22.10.2026.22:08
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ციფრული ევროს დანიშნულებასა და გადახდის სისტემების მომავალზე საუბრობს. მისი განმარტებით, ციფრული ევრო ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების, მათ შორის ელექტრონული კომერციისა და სავაჭრო ობიექტებში გადახდების განხორციელებისთვის იქნება განკუთვნილი. ლაგარდი ასევე ყურადღებას ამახვილებს ევროში დენომინირებული სტეიბლკოინების როლზე ტრანსსასაზღვრო გადახდებში და ხაზს უსვამს ტრანზაქციების ღირებულების შეფასების მნიშვნელობას. ,,ციფრული ევრო გადახდების განსახორციელებლად არის განკუთვნილი. როდესაც ერთმანეთთან ფინანსური ანგარიშსწორება გვჭირდება, ამის ორგანიზება ციფრული ევროს საშუალებით შეგვიძლია. მაგალითად, თუ მე თქვენი ვალი მაქვს ან თქვენ გაქვთ ჩემი ვალი, ანგარიშსწორებას ციფრული ევროთი განვახორციელებთ. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ მობილური ტელეფონი ან ბარათი.
სწორედ ეს არის ციფრული ევროს მთავარი დანიშნულება, რაც მოიცავს ელექტრონულ კომერციას, სავაჭრო ობიექტებში გადახდებსა და სხვა ტიპის ტრანზაქციებს.
რაც შეეხება ევროში დენომინირებულ სტეიბლკოინებს, ვფიქრობ, მათი გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის, რომლებშიც ტრანზაქციის ერთი მხარე ევროზონის ფარგლებშია, ხოლო მეორე მის ფარგლებს გარეთ. მიმაჩნია, რომ ციფრული ევრო უნდა არსებობდეს როგორც საცალო, ისე საბითუმო ფორმით, რათა შევძლოთ გადახდების ორგანიზება როგორც მოქალაქეებსა და სავაჭრო ობიექტებს, ისე ბანკებს შორის. ეს უნდა განხორციელდეს ისე, რომ გარე იურისდიქციებმა ან სხვა გარე მონაწილეებმა ვერ შეძლონ, მაგალითად, მომსახურების მიწოდების შეფერხება ან შეზღუდვა.
ჩვენი მიზანი არ არის ამ მოთამაშეების ბაზრიდან განდევნა ან მათთან კონკურენციაში უპირატესობის მოპოვება. პირველ რიგში, ისინი ამისთვის მეტისმეტად მსხვილი მოთამაშეები არიან. მეორე მხრივ, კონკურენციის შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს.
ჩვენი მიზანია ისეთი გადახდის სისტემის არსებობა, რომელზეც თავად გვექნება კონტროლი და რომელიც ჩვენი იურისდიქციის ფარგლებში იქნება მოქცეული”, - აცხადებს ECB-ის პრეზიდენტი.