სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, რომ ქართული ღვინის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს - ღვინის ეროვნული სააგენტო
სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, რომ ქართული ღვინის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. აღნიშნულის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.
2024 წელს, 28 სახელმწიფო და 376 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, შემოწმებული 28 კომპანიის 154 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 6 კომპანიის 34 ნიმუშში.
„საინსპექციო კონტროლი ჩატარდა 83 კომპანიაში; აღებული 1 927 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 16 კომპანიის 37 ნიმუშში. სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების შპს „Bureau Veritas“ და შპს „SGS“ მიერ შემოწმებულ 74 კომპანიაში აღებული 459 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 4 კომპანიის 11 ნიმუშში. ინსპექტირების პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.
შიდა ბაზრის კონტროლი განხორციელდა 78 კომპანიის პროდუქციაზე; აღებული 136 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 73 ნიმუშში.
ამასთან ერთად, ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის მიერ ჩატარდა 284 დეგუსტაცია. შემოსული 13 006 ნიმუშიდან 12 383 ნიმუში შეფასდა დადებითად და 623 ნიმუში - უარყოფითად.
2025 წელს ხარისხის კონტროლი გაგრძელდება, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს“, - განმარტავენ ღვინის ეროვნული სააგენტოში.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826