სახელმწიფოსთვის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, სადაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, საერთაშორისო დაკავშირებადობისა და სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი საავიაციო სექტორს უჭირავს - მარიამ ქვრივიშვილი
„დღეს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალ და უმნიშვნელოვანეს ეტაპს ვუდებთ საფუძველს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მხოლოდ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არ არის.
„ეს არის საქართველოს ეკონომიკური ზრდის, ტურიზმის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, ვაჭრობისა და ქვეყნის საერთაშორისო მიმოსვლის გაფართოების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. სწორედ ამიტომ, მისი განვითარება სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანაა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საავიაციო ჯგუფთან - Groupe ADP-სთან, რომლის შემადგენლობაშიც TAV Airports-ი შედის, დღეს განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
სახელმწიფოსთვის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, სადაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, საერთაშორისო დაკავშირებადობისა და სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი საავიაციო სექტორს უჭირავს. ავიაცია პირდაპირ უწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ვაჭრობის გაფართოებას, ბიზნესის გაძლიერებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა საქართველოს საავიაციო ბაზრის გაფართოებისკენ", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 43-მა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო.
„მიმდინარე წელს, პირველად ისტორიაში დანიის სამეფოსა და საქართველოს დედაქალაქები ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდნენ და საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია „ნორვეგიის ავიახაზები" შემოვიდა. სულ რაღაც 2 დღეში კი, საქართველოში ოპერირებას მესამე უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია China Eastern დაიწყებს და თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ შეასრულებს. დღეს საქართველოს ავიაბაზარზე, ისტორიული მაქსიმუმით, 85 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 125 მიმართულებით ასრულებენ. ეს ქმნის მეტ ხელმისაწვდომობას, აძლიერებს კონკურენციას და ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებას.
რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, 2026 წელი არაერთი გამოწვევით არის სავსე, მათ შორის ავიაციისა და ტურიზმის სექტორისთვის. თუმცა, სწორედ ასეთ გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ინარჩუნებს ზრდის მაღალ ტემპს და საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ამაზე მეტყველებს ბოლო პერიოდის მონაცემებიც", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ივნისში საქართველოს აეროპორტები, ჯამურად, თითქმის 788 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-იანი ზრდაა. ასევე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი გასულ თვეს 3%-ით გაიზარდა.
„2025 წელს საქართველოს აეროპორტები, ჯამში, მგზავრების რეკორდულ რაოდენობას - 8.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-იანი ზრდაა. რეკორდულ ნიშნულს მიაღწია რეისების რაოდენობამაც - განხორციელდა თითქმის 38 ათასი რეისი, რაც 16%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. განსაკუთრებით აღსანიშნავია საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებაც, სადაც 49%-იანი ზრდა დაფიქსირდა", - აღნიშნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპორტის $771.3 მლნ მოცულობის მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც რეკორდულია სხვა წლების ივნისის თვეებს შორის - ვახტანგ ცინცაძე
13.07.2026.13:33
„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება, კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისის თვეში ექსპორტის 771.3 მლნ. აშშ. დოლარის მოცულობის მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც რეკორდულია სხვა წლების ივნისის თვეებს შორის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
2026 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 20.4%-ით გაიზარდა და ივნისის თვის რეკორდული მოცულობა - 771.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე რეკორდულია მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის მაჩვენებლებიც. ჯამურად, წელს იანვარ-ივნისის პერიოდში ექსპორტი 20.1%-ით არის გაზრდილი და მისი მოცულობა ასევე რეკორდულ ოდენობას - 3,876.7 მლნ აშშ. დოლარს შეადგენს.
„უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, ის მაჩვენებლები, რაც საგარეო ვაჭრობის კუთხით და განსაკუთრებით ექსპორტის მიმართულებით ფიქსირდება, საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია, რომელიც ორიენტირებულია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე და მის მხარდაჭერაზე. სახელმწიფო აგრძელებს კერძო სექტორის აქტიურ მხარდაჭერას და, ფაქტობრივად, არაერთი სახელმწიფო პროგრამის მოდერნიზება ხდება, რომლებიც უფრო მეტადაა მორგებული კერძო სექტორის საჭიროებებზე ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
2026 წლის ივნისში სავაჭრო ბრუნვამ ივნისის თვის რეკორდული მაჩვენებელი - 2,396.4 მილიონი აშშ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.3%-ით მეტია. 2026 წლის იანვარ-ივნისში სავაჭრო ბრუნვა 5.8%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ - 12,925.6 მილიონ აშშ. დოლარს გაუტოლდა.