საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებით, საქართველო კვლავ განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე
„საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებით, საქართველო კვლავ განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
მისი თქმით, პოზიტიური პერსპექტივის მინიჭების საფუძვლებს, ანგარიშის თანახმად, წარმოადგენს სააგენტოს მოლოდინები, რომ საქართველო გააგრძელებს საგარეო პოზიციის შემდგომ გაუმჯობესებას საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების ფონზე და შეინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს და ჯანსაღ ფისკალურ პოლიტიკას.
„საკრედიტო სარეიტინგო კომპანია S&P Global Ratings-მა გამოაქვეყნა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის მორიგი ანგარიში, რომლის თანახმად, სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე შენარჩუნდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა გაუმჯობესებულია სტაბილურიდან პოზიტიურამდე. პოზიტიური პერსპექტივის მინიჭების საფუძვლებში სააგენტო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულია მათი მოლოდინები, რომ საქართველო კვლავ გაიუმჯობესებს საგარეო პოზიციებს საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების ფონზე. ასევე, განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს ფისკალურ პარამეტრებს. ანგარიშში, ასევე აღნიშნულია, რომ სააგენტო თებერვლის ანგარიშთან შედარებით, მნიშვნელოვნად ზრდის თავის საპროგნოზო მაჩვენებლებს 2026-2027 წლებისთვის, მათ შორის, 2026 წელს სააგენტო მოელის 6.4%-იან ეკონომიკურ ზრდას, 2027 წელს 5,9%-ს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, 5%-იანი ნიშნულის ფარგლებში, რაც თავის მხრივ, თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პროგნოზებთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
მისივე განცხადებით, ანგარიშში ხაზგასმულია, როგორც მაკროეკონომიკური ზრდის ჯანსაღი მაჩვენებლები, ისე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლებადი ტენდენცია, ფისკალური პოლიტიკის პარამეტრების ჯანსაღი მაჩვენებლები და ეროვნული ბანკის მონეტარული და მაკროპრუდენციული პოლიტიკის სიჯანსაღე.
სხვა სიახლეები
S&P Global Ratings-ის შეფასება ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის ეფექტიანობას - ეკატერინე მიქაბაძე
08.08.2026.11:13
საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Standard & Poor's (S&P Global Ratings) საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოს დადებითად აფასებს. ქვეყნის ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური მაჩვენებლები, გაუმჯობესებული საგარეო პოზიცია და სანდო მაკროეკონომიკური პოლიტიკა სარეიტინგო სააგენტოს მიერ პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააგენტოს ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას.
„ანგარიშში დადებითადაა მოხსენიებული საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, რამაც სააგენტოს შეფასებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს საგარეო ლიკვიდობის ბუფერები და შეამცირა მისი მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
მისი განცხადებით, Standard & Poor's-მა ასევე ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში საქართველოში საგარეო შემოდინებების გაუმჯობესებას, რასაც მომსახურების ექსპორტის დივერსიფიკაცია, საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდა განაპირობებს. ამასთან გრძელდება დედოლარიზაციის ტენდენცია. სწორედ ამ ფაქტორებმა მისცა საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი დაგროვების შესაძლებლობა.
ეკატერინე მიქაბაძის თქმით, სააგენტო დადებითად აფასებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ პოლიტიკას როგორც ფისკალური, ისე მონეტარული მიმართულებით.
„სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ზომიერად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს, რათა ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა უზრუნველყოს. მათივე პროგნოზით, 2026 წელს საშუალო ინფლაცია 5.1 პროცენტი იქნება, რაც თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის მიმდინარე ცენტრალურ სცენართან", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს საფინანსო სექტორიც. ნათქვამია, რომ საქართველოს საბანკო სექტორი მაღალი ლიკვიდობით, ძლიერი კაპიტალიზაციითა და მომგებიანობით გამოირჩევა, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული და საზედამხედველო პოლიტიკა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ''BB' დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურიდან" „პოზიტიურამდე" გააუმჯობესა.