სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტთან დაკავშირებით, ბალდის აქტივისტების წინააღმდეგ მარტვილის რაიონის პოლიციის სამმართველოში საჩივარი შევიდა
ბალდის კანიონის პროექტზე მომუშავე კომპანიამ, „კანიონი 350-მა“ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. როგორც კომპანიის იურისტებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, საჩივარი სამუშაო პროცესისთვის ხელის შეშლას ეხება. ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის განმარტებით, მათ ხელთ აქვს არაერთი ვიდეომტკიცებულება, თუ როგორ უშლიან სისტემატურად ხელს კომპანიის საქმიანობას პროტესტის აქტივისტები.
„როგორც მოგეხსენებათ, შპს „კანიონი 350“ ბალდის კანიონზე სამშენებლო საქმიანობას აწარმოებს. მუშაობიდან რამდენიმე თვის შემდეგ კომპანიას გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები: ცოტნე და ბაჩო თვარაძეები, თამაზ რუხაია, მაკა ბჟალავა, დავით და სალომე სიმონიები, რომლებიც პროექტთან დაკავშირებით, დეზინფორმაციას ავრცელებენ და საპროტესტო განწყობების გაღვივებას ცდილობენ. მათი მხრიდან, სამუშაო პროცესის ხელის შეშლის არაერთი ფაქტი ფიქსირდება, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებაა. ისინი არ აძლევენ საშუალებას „კანიონი 350-ის“ წარმომადგენლებსა და ამ კომპანიაში მომუშავე პირებს, შეასრულონ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. ყველანაირი ფორმითა და ხერხით ცდილობენ ხელის შეშლას, არც პროვოკაციულ ქმედებებს ერიდებიან. და ეს ხდება მაშინ, როდესაც გასული წლის დეკემბერში პროტესტის აქტივისტებმა მიმართეს სასამართლოს კომპანიისთვის სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, რაზეც სასამართლოდან მიიღეს მარტივი და კონკრეტული უარი. ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ კანონიერად გამოაცხადა პროექტზე მიმდინარე სამუშაოების გაგრძელება. შესაბამისად, სასამართლოს სრულიად ნათელი და ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით, მათ პროტესტს ყველანაირი კანონიერი საფუძველი გამოეცალა.
ადგილზე არსებული ვითარება და სამუშაო პროცესისთვის ხელის შეშლის კონკრეტული ფაქტები მეტად თვალსაჩინო რომ ყოფილიყო, ჩვენ განცხადებით მივმართეთ მარტვილის რაიონის პოლიციის უფროსს და ვთხოვეთ, უზრუნველეყო ჩვენი უსაფრთხოების დაცვა მაშინ, როდესაც გვსურდა ვიდეო სამეთვალყურეო კამერების დამონტაჟება პროექტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბალდაში არაერთი დანაშაულებრივი ფაქტი გამოვლინდა, როგორიცაა უკანონოდ ხე-ტყის მოპოვება თუ თევზაობა, შველზე ნადირობა და ა.შ. კამერების განლაგება, ბუნებრივია, ასეთი ფაქტების აღკვეთის საუკეთესო მექანიზმია. ერთი შეხედვით, ეს საკითხი ყველასთვის მისაღები უნდა ყოფილიყო, ვისაც სიმართლე აინტერესებს და არაფერი აქვს დასამალი, თუმცა პროტესტის აქტივისტები და უშუალოდ, ცოტნე თვარაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უსაფრთხოების კამერების დამონტაჟებას. სამწუხაროა, რომ ტერიტორიის კამერებით აღჭურვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არაერთხელ მივმართეთ მარტვილის პოლიციას, დაეცვა მუშებისა და „კანიონი 350-ის“ ხელმძღვანელობის უსაფრთხოება გარე პერიმეტრზე, რათა მათ თავისუფლად გადაადგილება შეძლებოდათ, თუმცა არც ეს მოხდა. არსებობს თავად პროტესტის მონაწილეების მიერ გადაღებული ვიდეომასალები, რომლებშიც ნათლად ჩანს, თუ როგორ არ ატარებენ „კანიონი 350-ის“ მენეჯერს, გრიგოლ გურგენიძესა და კომპანიის მუშებს. თავადვე არაერთ ვიდეომიმართვაში გააჟღერეს, რომ ხელი შეუშალეს პროექტის განხორციელებას.
როდესაც იფიქრეს, რომ ამ ვიდეომასალებს გამოვიყენებდით, თავიანთი გვერდიდან წაშალეს, თუმცა, ჩვენ მაინც მივაკვლიეთ ამ მასალას. სასამართლოს შუამდგომლობით მივმართეთ, ეს მასალები განჩინებით ამოვიღეთ და სისხლის სამართლის საქმეს დავურთეთ.
ვიდეომასალის ანალიზის და შეფასების შედეგად, ნათლად გამოჩნდა, რომ უნდა მომხდარიყო, სულ მცირე, მათი ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაში მიცემა. ამ ვიდეოებში, ასევე, ჩანს, როგორ უწევენ წინააღმდეგობას პროექტის მოწინააღმდეგეები პოლიციელებს და ფიზიკურადაც ეხებიან მათ.
გარდა ამისა, კიდევ იყო ფაქტი, როდესაც დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიწვეული სპეციალისტები, რომელთაც ბიომრავალფეროვნების საკითხი უნდა შეეფასებინათ, ტერიტორიაზე არ შეუშვეს და არ შეასრულებინეს საკუთარი სამუშაო. სანამ ეს მასალები ჩვენს ხელში აღმოჩნდებოდა, „კანიონის 350-ის“ წარმომადგენლებს და თანამშრომლებს არაერთხელ აქვთ დარეკილი 112-ში, როცა გარკვეული პირები ხელს უშლიდნენ სამეწარმეო საქმიანობაში.
როგორც მოგახსენეთ, ეს არ არის ცალკეული შემთხვევა. ვიდეომასალებზე არაერთი მსგავსი შემთხვევაა ასახული, რაც რეგულარულად ხდებოდა. საჩივარი უკვე პოლიციაშია შესული, რასაც, ბუნებრივია თავისი კონკრეტული შედეგები მოჰყვება, - აცხადებს გიორგი ბარდაველიძე.
შეგახსენებთ, რომ ბალდის კანიონზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემუშავებული ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის შესრულების უფლებაც, ღია აუქციონში გამარჯვებით, „კანიონი 350-მა“ მოიპოვა. სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო პროტესტიც, რომელიც დღემდე გრძელდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826