სამინისტრო აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის ევროპულ მოდელთან დაახლოებაზე - ლევან დავითაშვილი
„მშენებლობის სექტორში გაჩნდა ძალიან ბევრი ახალი, თანამედროვე ტექნოლოგია და ვფიქრობ, სწორი მიდგომაა მშენებლობის ბიზნესის, როგორც უძრავი ქონების სექტორის წარმოჩენა. ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად ეხმარება დარგობრივ ასოციაციებს, რომ სექტორის წარმომადგენლებს შორის ეს კომუნიკაცია იყოს გამარტივებული და ასევე გავაცნოთ ჩვენი საინვესტიციო პოტენციალი შესაბამის ინვესტორებს" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა თბილისში, უძრავი ქონების რიგით მეორე საერთაშორისო კვირეულის გახსნით ღონისძიებაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის ევროპულ მოდელთან დაახლოებასა და ევროკოდების იმპლემენტაციაზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ევროპული სტანდარტების კრებულის თარგმნა და მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული დანართების შემუშავებაზე. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, მშენებლობის სექტორში გავრცელებული სამშენებლო მასალების, მშენებლობის პრაქტიკისა და ევროკოდების დანერგვისთვის მიმდინარეობს ევრონორმების იმპლემენტაციის პროცესის კოორდინირება.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, ქვეყნისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია ერთიანი სივრცითი გეგმის მომზადება, სადაც გათვალისწინებული იქნება ეკონომიკური, ეკოლოგიური თუ სოციალური ასპექტები, რათა ქვეყანას ჰქონდეს განვითარების მდგრადი და სწორი ხედვა. მისი განცხადებით, აღნიშნული გეგმაზე მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და პროცესში ჩართულნი არიან მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად
„ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარე კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება სამშენებლო და უძრავი ქონების მიმართულებებით, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული სექტორების განვითარებას და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას. დამატებით, კვირეული საშუალებას მისცემს ასზე მეტ კერძო კომპანიის წარმომადგენელს, მომხმარებლებს ერთ სივრცეში მიაწოდონ ქვეყანაში არსებული საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე ფართებისა და მშენებლობისა და ინტერიერის არაერთი შეთავაზება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826