სამოქალაქო აეროდრომების დაცვის არეებში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლეების შეთანხმების მოდელი შეიცვალა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, აეროდრომის დაცვის არეებში ფრენების უსაფრთხოების არსებული სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესების და საავიაციო დაბრკოლებათა კონტროლის მექანიზმის სრულყოფის მიზნით, შეიცვალა სამოქალაქო აეროდრომების დაცვის არეებში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლეების შეთანხმების მოდელი.
კერძოდ, საქართველოს საჰაერო კოდექსში 2023 წლის ივნისში შესული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეებში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლეების შეთანხმების უფლებამოსილება მიენიჭა სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს. აქამდე, აეროდრომის რაიონში მდებარე საპროექტო ტერიტორიების სამშენებლოდ განვითარებისთვის საჭირო იყო შესაბამისი აეროდრომის ექსპლუატანტის (აეროპორტის ოპერატორი კომპანიის) თანხმობა.
აეროდრომის რაიონში ობიექტების (შენობა-ნაგებობების) დასაშვები სიმაღლეების გაანგარიშება ხდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 18 მაისის N111 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო აეროდრომის დაცვის არეს (აეროდრომის რაიონის) დადგენისა და ამ რაიონში ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-14 დანართის (Aerodromes) მე-4 თავის მოთხოვნების მიხედვით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდის ახალ განყოფილებაში - https://gcaa.ge/aerodrome-safeguarding/ , დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ინფორმაცია აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეებში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლეების განსაზღვრისა და შეთანხმების პროცესთან დაკავშირებით.
აეროდრომის დაცვის არის განყოფილებაში იხილავთ: ობიექტის დასაშვები სიმაღლის შესათანხმებლად სააგენტოში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას, სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული აეროდრომების დაცვის არეებს, შესაბამის მარეგულირებელ დოკუმენტებს და სხვა საჭირო ინფორმაციას.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826