სამომხმარებლო ბაზარზე ყველის 90%-ზე მეტი ფალსიფიცირებულია - „შირაქი“
ყველის მწარმოებელი კომპანია ,,შირაქის" ხელმძღვანელის ნიკოლოზ ბენიანიძის ინფორმაციით, ქართული ყველის ბაზარი ფალსიფიკაციამ წალეკა. როგორც მეწარმე Business Insider Georgia- თან ამბობს, საკოლმეურნეო ბაზარზე ყველის 100%-ი არაეტიკეტირებულია. აქედან კი 10% -ს ვერ აღწევს ნატურალური ყველის წილი, რაც სექტორში დიდი პრობლემის მანიშნებელია.
„ყველის მცირე გადამამუშავებელი საწარმოები მომრავლდნენ. მათ მიერ გამოშვებული ყველის უდიდესი ნაწილი არაეტიკეტირებულია. საკოლმეურნეო ბაზარზე მთლიანად ასეთი პროდუქტი იყიდება. ბაზარი ამ მხრივ საერთოდ არ კონტროლდება და ვერც წარმოება ვითარდება. სხვადასხვა დროს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველის ბაზრის 90% -ზე მეტი ფალსიფიკაციას უჭირავს ან პროდუქტი სტანდარტთან შეუსაბამოა", - ამბობს ნიკოლოზ ბენიანიძე და დასძენს, რომ სარეალიზაციო ყველის უმეტესობა სინამდვილეში რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტია.
„საქართველოში დიდი რაოდენობით ირანული ფხვნილი შემოდის. შეიძლება ფალსიფიცირებული არ არის, მაგრამ პროდუქტი აუცილებლად ეტიკეტირებული უნდა იყოს და მომხმარებელმა იცოდეს, რას ყიდულობს. სინამდვილეში ასეთი ყველი არ არის რძისგან დამზადებლი პროდუქტი.
როგორც წესი, 10 ლიტრი რძისგან 1 კილო ფხვნილი მიიღება. ეს ნიშნავს, რომ ცილა არის მკვდარი ანუ სასარგებლო ნივთიერებები მინიმუმზეა დაყვანილი. ვერ ვიტყვი, რომ საწამლავი და საზიანოა, მაგრამ არც ისე სასარგებლოა, როგორც ნედლი რძისგან გაკეთებული ყველი.
ამიტომ მომხმარებელმა უნდა იცოდეს, ნატურალურს თუ დაბალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტს ყიდულობს. ნატურალური ყველი მხოლოდ საღი რძისგან მზადდება", - ამბობს ,,შირაქის" ხელმძღვანელი.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად („რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი), პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი ჩანაცვლებულია მცენარეული ცხიმით, ან სხვა ინგრედიენტებით, არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და მასზე რძის პროდუქტის დასახელების (კარაქი, არაჟანი, მაწონი და სხვა) მითითება აკრძალულია.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეცდომაში შედის და რძის ნაწარმის ნაცვლად თავისდაუნებურად სხვა პროდუქტს ყიდულობს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826