სამშენებლო სექტორში რეალურად დგას კადრების დეფიციტის პრობლემა, 100-დე უცხო ქვეყნის მოქალაქე დავასაქმეთ - „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებელი
სამშენებლო სექტორში რეალურად დგას კადრების დეფიციტის პრობლემა, - ამის შესახებ Business Insider Georgia- ს „ელთ ბილდინგის“ დამფუძნებელმა ელგუჯა თურმანიძემ განუცხადა.
დეველოპერული კომპანიის დამფუძნებელი, ამ ფაქტს ქვეყნიდან სხვა ბაზრებზე მუშა-ხელის მიგრაციას უკავშირებს.
„30 წლის წინ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთიდან და ჩეხეთიდან მოხდა მუშა-ხელის მიგრაცია ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში, აშშ-სა და ბრიტანეთში, სადაც ანაზღაურება არის მაღალი. შესაბამისად გამოთავისუფლდა შრომის ბაზრები აღნიშნულ ქვეყნებში, და იქ გავიდა საქართველოდან სამუშაო ძალა“, - განაცხადა ელგუჯა თურმანიძემ.
მისი თქმით კადრების დეფიციტის პრობლემა სამშენებლო სექტორში ყოველწლიურად სულ უფრო თვალსაჩინო ხდება.
„ყოველ წელს უფრო ნათლად ჩანს ეს პრობლემა ჩვენს სფეროში. ბოლო რამდენიმე თვეა 1000-მდე ადამიანი დავასაქმეთ, მოგვიწია 100-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება ყაზახეთიდან, თურქეთიდან და უზბეკეთიდან. ეს მუდმივი შეუქცევადი პროცესია. ადამიანები ეძებენ უკეთეს პირობებს სხვა ბაზრებზე“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
მისი თქმით, ამ პრობლემის მიზეზი ბევრი სეგმენტია და ბევრი რამ ჯაჭვურადაა გასაკეთებელი.
„საჭიროა პროფესიული გადამზადება კვალიფიკაციის ამაღლება, ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინება, ტურიზმის განვითარება. ამის პარალელურად მოხდება ანაზღაურების ზრდა, რაც შეაჩერებს კადრების დეფიციტსა და მუშა-ხელის გადინებას“, - განაცხადა ელგუჯა თურმანიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა
22.08.2026.19:18
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის მექანიზმი წარმატებით აამოქმედა.
ახალი სისტემა გადამზიდველებს შესაძლებლობას აძლევს, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ელექტრონულ ფორმატში ისარგებლონ. ციფრული მექანიზმი უზრუნველყოფს ნებართვების სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას, აღრიცხვასა და კონტროლს, ამცირებს ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ბარიერებს და ზრდის გადაზიდვების პროცესის ეფექტიანობას.
„ციფრული სანებართვო სისტემის დანერგვა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ადმინისტრირების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ყაზახეთთან მსგავსი სისტემების წარმატებით ამოქმედების შემდეგ, უზბეკეთთან ციფრულ ფორმატზე გადასვლა ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინსვლაა. აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შუა დერეფნის მზარდი როლის ფონზე, რადგან სწრაფი, უსაფრთხო და ციფრული სანებართვო პროცედურები ხელს უწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ტვირთების შეუფერხებელ გადაადგილებასა და საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო და ლოგისტიკური რგოლის, პოზიციების განმტკიცებას. პარტნიორ ქვეყნებთან სატრანსპორტო პროცესების ციფრული ტრანსფორმაცია სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ.
სააგენტო ციფრულ სანებართვო სისტემაზე ეტაპობრივ გადასვლას სხვა პარტნიორ ქვეყნებთანაც გეგმავს. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს საავტომობილო ტრანსპორტის კავშირების გაძლიერებას, სავაჭრო და ლოგისტიკური პროცედურების გამარტივებასა და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის, როლის შემდგომ განმტკიცებას.