სამწუხაროა, მორიგი არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან - დავითაშვილი Georgian Airways-სთვის დაწესებულ სანქციაზე
„სამწუხაროა ითქვას, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან“, - ასე აფასებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას Georgian Airways-სთვის სანქციების დაწესების თაობაზე.
მინისტრი ამბობს, რომ უკრაინული მხარის გადაწყვეტილება, პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილებაა, რადგანაც ძალიან ბევრი ქვეყნის ავიაკომპანიები რუსეთში დღესაც დაფრინავს და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა.
როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ასეთი ფაქტები გვქონდა წინა შემთხვევებშიც, როდესაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ.
„ცალსახად მიუღებელია, ეს არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას აქვს. ვფიქრობ, რომ ამაში ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია იმიტომ, რომ თქვენ იცით, რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან და ალბათ, საფუძველი ზუსტად ეს აქვს ამ გადაწყვეტილებას, როდესაც ხდება არასწორად ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ორ ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს მხოლოდ და არანაირად არ არგებს. რაც შეეხება რეაგირებას, როგორც წინა შემთხვევაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ამაზე რეაგირება, დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი რეაქცია იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
პირველი ვიცე პრემიერი განმარტავს, რომ ავიაკომპანიის მიმართ საერთაშორისო სანქციები არ იქნება.
„მოგახსენებთ, რომ ასეთი რამ არ იქნება და შესაბამისად, არ იქნება პრობლემა საქართველოსთვის, Georgian Airways-სთვის და ქართველი მგზავრებისთვის.
საქართველო, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება და მათ შორის კერძო კომპანიები, საერთაშორისო წესების შესაბამისად მოქმედებენ ყველა მიმართულებით“, - განაცხადა დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826