სანქციების აღსრულებით საქართველო მოწინავე ქვეყანაა - ლაშა ხუციშვილი
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის კონტინენტზეც, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით და უშუალოდ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით
საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის კონტინენტზეც, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით და უშუალოდ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით დღეს მედიის მხრიდან დასმული შეკითხვების საპასუხოდ. მისი თქმით, წელიწადზე მეტია, ვრცელდება ყალბი ინფორმაციები და უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიერ სანქციების აღსრულების პროცესთან დაკავშრებით, თუმცა არ დადებულა სანქციების დარღვევის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი.
„სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, გასულ ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, თქვენ ნახავდით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების ათობით განცხადებას იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომელიც კონკრეტულად უწყების მიმართულებით და ვიტყოდი ქვეყნის საწინააღმდეგოდ გაჟღერდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ არაფერი გვინახავს ამ პერიოდში ყალბი ინფორმაციებისა და უსაფუძვლო ბრალდებების გარდა. არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება ან რაიმე ფაქტი, რის გამოც, შესაძლებელია, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს. ამავე დროს, ჩვენ მოსმენილი გვაქვს, როგორც ამერიკული მხარის, ისე ევროკავშირის და ელჩების დონეზე გაკეთებული განცხადებები, რომ არცერთი შემთხვევა საქართველოში, რომ ვინმემ სანქციების გვერდის ავლა შეძლო - არ მომხდარა. პარალელურად, შეგვიძლია გადავხედოთ გასული ერთი წლის განმავლობაში პერიოდს და ვნახოთ 50-70-ზე მეტი განცხადება, რომლის გავრცელებაც მოგვიწია. სამწუხაროა, რომ ყოველი ასეთი ფაქტის გავრცელების წინ, პრაქტიკულად არცერთხელ არ მომხდარა ინფორმაციის გადამოწმება შესაბამის უწყებასთან, ვინც სანქციების აღსრულებაზეა პასუხისმგებელი სავაჭრო ნაწილში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, უწყება გახსნილია და ყველა დაინტერსებულ პირს ნებისმიერ ოპერაციასა და ტრანზაქციაზე შეუძლია მიიღოს ახსნა-განმარტება შესაბამისი კონფედენციალური პირობების დაცვით.
„ბუნებრივია, საქართველოსთან მიმართებით, შესაძლოა არსებობდეს უფრო მეტი ყურადღება გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ და საქართველოს გავლით რუსეთს სახმელეთო საზღვარი აკავშირებს კიდევ ორ ქვეყანასთან. თუმცა, ის ქმედებები, რომელიც საქართველომ გადადგა ამ მიმართულებით არ ტოვებს არცერთი შეკითხვის შესაძლებლობას. გასაგებია თეორიული მსჯელობები ამა თუ იმ თემაზე. თუმცა, მნიშვნელოვანია ის მექანიზმები და პრაქტიკული აღსრულება, რაც ფიზიკურად ხორციელდება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, განსაკუთრებით მედიასაშუალებებს, ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე გადამოწმდეს შესაბამის კომპეტენტურ სამსახურებთან.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826