სანქციების დარღვევის ხელშეწყობაში სებ-ის დადანაშაულება კატეგორიულად მიუღებელია - ეროვნული ბანკის პასუხი არასამთავრობოებს
ეროვნული ბანკი ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად სებ-ი აშშ-ის მიერ დასანქცირებული პირებისთვის ხელის დაფარებაშია დადანაშაულებული.
საქართველოს ეროვნული ბანკი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქვეყნის ცენტრალური ბანკის, არამედ მთელი საბანკო სისტემის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
გაუგებარია, რა აძლევს არასამთავრობო სექტორს მსგავსი განცხადების გაკეთების საფუძველს, მაშინ როდესაც, ამ დრომდე საქართველოს საფინანსო სისტემაში სანქციების აღსრულების პროცესის დარღვევის არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
აქედან გამომდინარე, სანქციების დარღვევის ხელშეწყობაში საქართველოს ეროვნული ბანკის დადანაშაულება კატეგორიულად მიუღებელია. მით უფრო, ჩვენ არასდროს, განხილვის დონეზეც კი არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას. საქართველოს საფინანსო სისტემა ზედმიწევნით ასრულებს საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებულ მოთხოვნებს. მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, სანქციების აღსრულების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ეფექტურია. რეგულაციებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება მორგებულია არა კონკრეტული პირების ინტერესებს, არამედ ემსახურება სანქციების აღსრულების პროცესის სრულ შესაბამისობას ადგილობრივ კანონმდებლობასა და საერთაშორისო მოთხოვნებთან.
ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს საფინანსო სისტემა არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება სანქციებისგან თავის არიდების ადგილი, რისიც სწამთ და სჯერათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც.
საქართველოს ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ ზომის გატარებას, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის აუცილებელია.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826