სანქცირებული ქონების აღმოჩენისას ვინ გახდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებული
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.
„კანონპროექტი მიზნად ისახავს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციების გათვალისწინებას. საუბარია შეფასების მეხუთე რაუნდზე. კერძოდ, შესაბამისი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა 2019 წელს, 2020 წელს გამოქვეყნდა ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით საჭიროა დამატებითი ინსტიტუციური ბერკეტების გაჩენა - საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და შეიძლება ითქვას, რომ ცვლილებათა პროექტი ზედმიწევნით მიყვება MONEYVAL-ის რეკომენდაციებს და ასევე, რა თქმა უნდა, შესაბამისობაში მოდის ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფის (FATF) სტანდარტებთან“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა კანონპროექტის წარდგენისას.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, შემოთავაზებული ცვლილება მიზნად ისახავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციების ეროვნულ დონეზე აღსრულების მექანიზმის ხარვეზების აღმოფხვრას და არსებული საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოებას.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ცვლილებით ფინანსურ ინსტიტუტებსა და არასაფინანსო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს დაუწესდებათ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად სანქცირებული ქონების აღმოჩენისას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინაშე ანგარიშგების ვალდებულება. ამასთანავე, წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველზე სამთავრობო კომისიას ეკისრება ყადაღისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებების გათვალისწინების ვალდებულება, რაც უზრუნველყოფს კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებების დაცვის შესაბამისი მექანიზმის არსებობას.
როგორც თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, კანონპროექტის მიღებით შესრულდება MONEYVAL-ის მიერ 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულ საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მოქმედი სისტემის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში მოცემული შეფასებები და რეკომენდაციები, რაც შესაძლებელს გახდის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების პროცესი მაქსიმალურად დაუახლოვდეს FATF-ის სტანდარტებს.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826