“საოჯახო კალათის” ცენტრალიზებული პლატფორმის შექმნით, სექტორში პროცესები სისტემურ და გამჭირვალე ხასიათს მიიღებს, რაც გააძლიერებს კონკურენციას და ხელს შეუწყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო შეთავაზებებს - შოთა ბერეკაშვილი
“საოჯახო კალათის” ცენტრალიზებული პლატფორმის შექმნით, სექტორში პროცესები სისტემურ და გამჭირვალე ხასიათს მიიღებს, რაც გააძლიერებს კონკურენციას და ხელს შეუწყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო შეთავაზებებს - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა.
მისი შეფასებით, პლათფორმის შექმნის ფუნდამენტური მიზანი მომხმარებლების ინტერესების დაცვა და მათთვის საუკეთესო ფასების შეთავაზებაა.
„ფასების შემსწავლელი კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ მოკლევადიან პერიოდში ბაზარზე ბერძნული ან ფრანგული მოდელის მსუბუქი ინტერვენცია განხორციელებულიყო. ამის ფარგლებში, ქსელებმა გამოთქვეს სურვილი, შეექმნათ საოჯახო კალათა, რომელშიც 15 საბაზისო პროდუქტი შევიდა, და საკუთარ ქსელებში საუკეთესო შეთავაზებების წარმოდგენა დაიწყეს.
აღნიშნული პროცესის პარალელურად, ჩვენ ძალიან მივესალმებით, თუ კონკურენციის სააგენტოს ფარგლებში შეიქმნება სპეციალური ციფრული პლატფორმა, სადაც ქსელები თავიანთ შეთავაზებებს ყოველკვირეულად განაახლებენ, ხოლო მომხმარებლებისთვის აღნიშნულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ინფორმირებულობა კიდევ უფრო გამარტივდება. ამასთან, სექტორში უზრუნველყოფილი იქნება მეტი გამჭვირვალობა, ხოლო კონკურენცია საუკეთესო მექანიზმია იმისთვის, რომ მომხმარებელმა საუკეთესო ფასი მიიღოს.
აღნიშნული მოდელი ეფუძნება ბაზრის თავისუფლებას, კონკურენციასა და გამჭვირვალობას, რაც იყო და რჩება ჩვენი მთავარი მიზანი. საბოლოო ჯამში, მომხმარებელი იღებს საუკეთესო ფასს“, - განმარტა შოთა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული პლატფორმის შექმნით, ურთიერთობები სისტემურ ხასიათს მიიღებს და ეს იქნება არა ერთჯერადი, არამედ მუდმივი პროცესი. ეს ჩვენი სტრატეგიის მოკლევადიანი შედეგის მიმართულებაა.
„კომისიის ფარგლებში, ჩვენ გავეცით საშუალოვადიანი რეკომენდაციები, რომლებიც სექტორში მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას ეხება. ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაზე.
დარწმუნებული ვარ, აღნიშნული რეკომენდაციები ეტაპობრივად შესრულდება. ჩვენ პროცესს აქტიურად მივყვებით და მიზანია, სექტორი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და ეფექტური, შემცირდეს დამატებითი ხარჯები და საბოლოოდ მომხმარებელმა საუკეთესო შედეგი მიიღოს”, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826