მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საპენსიო აქტივებმა ₾4.8 მილიარდს მიაღწია, რაც საქართველოს მშპ-ის 5.8%-ს უტოლდება - გოგა მელიქიძე

news image
mbc image

დღეს, სასტუმრო „პულმანში“, საპენსიო სააგენტოს ორგანიზებით საინვესტიციო პროცესების ხუთი წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია და პანელური დისკუსია გაიმართა.

საპენსიო სააგენტოს ღონისძიება მიზნად ისახავდა ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე არსებული საინვესტიციო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.

შეხვედრა გახსნა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ, რომელმაც გასული წლების განმავლობაში საპენსიო სააგენტოს სამუშაო პროცესი, მიღწევები, და გატარებული ღონისძიებები მიმოიხილა.

მან დამსწრეებს ასევე გააცნო განახლებული სტატისტიკური მონაცემები და იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რაც სააგენტომ ამ წლების განმავლობაში გადალახა.

შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ ოლივიერ რუსსომ, რომელიც შემაჯამებელი ღონისძიებისთვის სპეციალური ვიზიტით ესტუმრა საქართველოს.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საინვესტიციო შედეგების პრეზენტაციამ, რომელიც მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ წარმოადგინა.

მისი თქმით, განვლილი ხუთი წლის განმავლობაში, წმინდა კონტრიბუციებისა და გონივრული საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად საპენსიო აქტივები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით 4.8 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც საქართველოს მშპ-ის 5.8%-ს უტოლდება.

გოგა მელიქიძემ ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც შეეხო როგორც საქართველოს ისე რეგიონის ეკონომიკებს.

კერძოდ, პოსტპანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციური წნეხები, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა კიდევ უფრო გააუარესა. აღნიშნული გამოწვევების მიუხედავად, განვლილი ხუთი წლის განმავლობაში, საპენსიო სააგენტომ შეძლო 1 მილიარდი ლარის წმინდა მოგების დაგენერირება, რაც კუმულაციურ 63.5%-იან ნომინალურ და 18.4%-იან რეალურ (ინფლაციით დაკორექტირებულ) ამონაგებს უდრის.

გოგა მელიქიძემ ასევე ისაუბრა 2023-ში მომხდარ ცვლილებებზე.

2023 წლის 7 აგვისტოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, საპენსიო სააგენტო თავდაპირველ (კონსერვატიულ) პორტფელს 2 ახალი - დაბალანსებული და დინამიკური - პორტფელი დაემატა, მონაწილეებს კი საშუალება მიეცათ თავად აირჩიონ მათთვის სასურველი პორტფელი რისკიანობისა და ამონაგების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან (2023 წლის 7 აგვისტო) დღემდე დაბალანსებული და დინამიკური პორტფელების ნომინალურმა ამონაგებმა, შესაბამისად, 10.0% და 10.5% შეადგინა, მაშინ როცა კონსერვატიული პორტფელის ნომინალური ამონაგები იმავე პერიოდში 8.5% იყო.

შეხვედრაზე გაიმართა სამი პანელური დისკუსია. პირველ პანელს, რომლის სახელწოდებაც იყო „მაკროეკონომიკური გარემო და საინვესტიციო პერსპექტივები“, საპენსიო სააგენტოს უფროსი ეკონომისტი ჯული ავლოხაშვილი უძღვებოდა, პანელური დისკუსიის მონაწილეები კი იყვნენ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა, გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი და თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია.

მეორე პანელური დისკუსია, „კაპიტალის ბაზრები: გლობალური ტენდენციები და საქართველო“, რომლის მოდერატორიც გახლდათ საპენსიო სააგენტოს პორტფელის მენეჯერი ანა ნაჭყებია, შეეხო როგორც გლობალურ ისე ადგილობრივ კაპიტალურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებს.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარემ ოლივიერ რუსსომ, მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ, თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ და გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა ლევან შავკაციშვილმა.

მესამე პანელური დისკუსია, „მარეგულირებელი გარემო“, დაეთმო საქართველოში საკანონმდებლო გარემოსა და იმ ცვლილებებს, რასაც საჯარო უწყებები ამ მიმართულებით გეგმავენ. შემაჯამებელი პანელური დისკუსიის მოდერატორი იყო საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე ლევან ვერძეული, ხოლო დისკუსიის მონაწილეები იყვნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიერ რუსსო.

ღონისძიებას 200-მდე დელეგატი ესწრებოდა და ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს საპენსიო სააგენტო პერმანენტულად ატარებს და ცნობიერებისა და ფინანსური განათლების კუთხით ქვეყნის მასშტაბით არსებულ თითქმის ყველა აქტივობაში ერთვება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ

27.11.2026.23:26

გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.

გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.

BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.

გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა