საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც აუმჯობესებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დაკავშირებადობას - მარიამ ქვრივიშვილი
„ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტები ასახავს საქართველოს მზადყოფნას, რომ ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყოს ინფრასტრუქტურის განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციის, ენერგეტიკის დივერსიფიკაციისა და რეგიონული კავშირების გაძლიერების მეშვეობით," – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News - სთან ინტერვიუში.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქართველო ახორციელებს ამბიციური განვითარების დღის წესრიგს, რომელიც ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ კარიბჭედ აქცევს.
მარიამ ქვრივიშვილი გამოცემასთან ინტერვიუში განმარტავს, რომ საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური ინფრასტრუქტურულ პროექტებსი, რაც აუმჯობესებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დაკავშირებადობას. მინისტრი ყურადღებას ამახვილებს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, ვაზიანში თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალზე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზე.
გამოცემა წერს, რომ გაერთიანებული არაბთა საამიროების ინვესტორებთან პარტნიორობა უკვე უწყობს ხელს ეკონომიკურ ტრანსფორმაციას - კომპანია Eagle Hills-მა, 6 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორცილება დაგეგმა ორი მასშტაბური მრავალფუნქციური პროექტის განსახორციელებლად თბილისსა და ბათუმში, ამასთან Abu Dhabi Ports Group-თან თანამშრომლობით თბილისში მშრალი პორტის პროექტი განვითარდა, რომელიც 2025 წლის ივნისში ამოქმედდა.
Gulf News - ის თანახმად, ენერგეტიკული დაკავშირებადობა კიდევ ერთი პრიორიტეტული სფეროა ქვეყნისათვის. „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს," – აღნიშნავს მარიამ ქვრივიშვილი. მისი თქმით, ის ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის სატრანზიტო შესაძლებლობებს გაზრდის, რაც გააძლიერებს საქართველოს როლს ევროკავშირის ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციაში.
ამასთან, მინისტრი განმარტავს, რომ სტრატეგიული პროექტები და საერთაშორისო პარტნიორობა ეკონომიკაზე დადებითად აისახება - ის უფრო ინკლუზიური, მდგრადი და გლობალურად კონკურენტუნარიანი ხდება.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826