საქართველო ისწრაფვის, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო, სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბი გლობალური ღირებულების ჯაჭვებისთვის - ADB
აზიის განვითარების ბანკის (ADB)-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სექტემბრის 5.0%-დან 5.5%-მდე გააუმჯობესა.
,,ზრდას ხელს უწყობს მომსახურების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში ძლიერი მაჩვენებლები, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების მაღალ პროდუქტიულობას ასახავს, ასევე – კერძო მოხმარების მდგრადობა და უცხოელი ინვესტორების გაორმაგებული რეინვესტირება", - წერდა აზიის განვითარების ბანკი (ADB) სექტემბერში.
„მომატებულმა საგარეო რისკებმა, მათ შორის ომმა უკრაინაში და დაძაბულობამ ახლო აღმოსავლეთში, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ეკონომიკურ აქტივობას, შეანელოს გლობალური აღდგენა და გაზარდოს ინფლაციური წნეხი. ამ კონტექსტში, ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად საქართველოს სჭირდება რეგიონული და გლობალური ინტეგრაციის გაღრმავება და დაკავშირებადობის ჰაბის როლის გამყარება. ეს მოითხოვს ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაში მიმდინარე ინვესტიციების გაგრძელებას, რეგიონულ პარტნიორებთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, ვაჭრობის გაფართოებასა და კერძო სექტორის მხარდაჭერის გაზრდას“, - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა.
,,2026 წელს მშენებლობისა და წარმოების ზრდის ფონზე მოსალოდნელია მრეწველობის 2.4%-მდე გაზრდა, 2025 წლის 1.4%-თან შედარებით, ხოლო 2027 წელს 2.0%-მდე შემცირება. მომსახურების სექტორი კვლავ ზრდის მთავარ მამოძრავებლად დარჩება, თუმცა მოსალოდნელია მისი შენელება —2025 წლის 10.8%-დან 2026 წელს 7.5%-მდე და 2027 წელს 6.8%-მდე. სოფლის მეურნეობა 2026 წელს დასტაბილურდება და 2027 წელს 1.7%-იან ზრდას დაუბრუნდება, 2025 წელს 6.1%-იანი შემცირების შემდეგ. აღდგენას ხელს შეუწყობს სარწყავი სისტემებისა და პროდუქტიულობის ბოლოდროინდელი გაუმჯობესება", - აღნიშნულია ანგარიშში.
აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის განახლებული ანგარიშის თანახმად, ადრეული სტაბილიზაციის სცენარის პირობებში, 2026 წელს 3.8% ინფლაციას ვარაუდობენ, რაც ოდნავ ჩამოუვარდება 2025 წლის 3.9%-ს, ხოლო 2027 წელს 3.3%-მდე შემცირდება. რადგან საქართველო კვლავაც მოწყვლადია გარე შოკების მიმართ, ტრადიციული მიწოდების ჯაჭვების გახანგრძლივებული შეფერხება და ნავთობზე ფასების გლობალური ზრდა ინფლაციურ რისკებს გააძლიერებს.
,,2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3.0%-ზე ნაკლებ ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა მოსალოდნელია მისი გაფართოება ექსპორტის ზრდის შენელების ფონზე. გლობალური გაურკვევლობის პირობებში, მომსახურების ექსპორტის ზრდა 2026 წელს 6.8%-მდე შემცირდება, თუმცა 2027 წელს 7.2%-მდე გაიზრდება, ტრანსპორტისა და ტურიზმის ხელშეწყობით. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ადრეული სტაბილიზაციის სცენარის ფარგლებში სტაბილურად შენარჩუნდება, თუმცა შესაძლოა შემცირდეს, თუ ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობა გამწვავდება ან შეფერხებები გაგრძელდება.
საქართველო ისწრაფვის, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო, სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბი გლობალური ღირებულების ჯაჭვებისთვის. გლობალურ ღირებულების ჯაჭვებში მონაწილეობის გასაძლიერებლად, ქვეყანამ პრიორიტეტად უნდა აქციოს კოორდინირებული პოლიტიკით გადადგმული ნაბიჯები დარჩენილი ინფრასტრუქტურული და მარეგულირებელი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ლოგისტიკას გააჩნია ძლიერი პოტენციალი ინტეგრაციის მხარდასაჭერად - ვაჭრობის შესაძლებლობების გაფართოების, კლასტერული განვითარების ხელშეწყობისა და ინტეგრირებული ეკონომიკური ზონების შექმნის გზით. მრავალმხრივი ჩართულობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნას და სიღარიბის შემცირებას. პარტნიორების მხრიდან ღია და პროგნოზირებადი პოლიტიკის პირობებში, საქართველოს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიული მდებარეობა და ინსტიტუციური სიძლიერე მიმწოდებელთა ქსელების გასაძლიერებლად და ღირებულების ჯაჭვში უფრო მაღალი პოზიციის დასაკავებლად", - წერს აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ი.
სხვა სიახლეები
Galt & Taggart-ის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ
27.11.2026.23:26
გალტ & თაგარტმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, საჯარო ფინანსებისა და მმართველობის მაჩვენებლებით არა მხოლოდ BB+ რეიტინგის მქონე, არამედ საინვესტიციო რეიტინგის მქონე ტიპურ ქვეყანასაც უსწრებს. კერძოდ, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ქვეყანაზე თითქმის ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება, სახელმწიფო ვალი კი მნიშვნელოვნად დაბალია. ამასთან, Fitch-ის 2026 წლის 30 ოქტომბრის შეფასების თანახმად, სააგენტოს სუვერენული რეიტინგის მოდელი საქართველოსთვის უკვე BB+ რეიტინგზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში რეიტინგის გაუმჯობესებას ძირითადად საგარეო სექტორის სისუსტეები აფერხებდა: მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი და შედარებით მცირე საერთაშორისო რეზერვები. თუმცა 2026 წელს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა: საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა, ლარმა კი საგარეო შოკების პირობებში სტაბილურობა შეინარჩუნა.
გალტ & თაგარტის პროგნოზით, S&P და Fitch საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს 2027 წლის მეორე ნახევარში BB+-მდე გააუმჯობესებენ. ორივე სააგენტომ 2026 წელს საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგის გაუმჯობესების პირობების დიდი ნაწილი, ანგარიშის შეფასებით, უკვე შესრულებულია.
BB+ რეიტინგის მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კატეგორიამდე (Investment Grade) მხოლოდ ერთი საფეხური დარჩება. გალტ & თაგარტი არ გამორიცხავს, რომ სტაბილური პოლიტიკური გარემოსა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, საქართველომ საინვესტიციო რეიტინგს ჩვეულ სარეიტინგო ციკლზე უფრო მოკლე დროში მიაღწიოს.
გაეცანით ანგარიშს სრულად ამ ბმულზე:
https://galtandtaggart.com/en/reports/details/6b08344879f3bd7076f84826