საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6% შეადგინა - ირაკლი კობახიძე
საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს.
„საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა. მსოფლიო ბანკმა ახლახან საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7 პროცენტამდე გაზარდა. ამავე ორგანიზაციის პროგნოზით, 2026–2028 წლებში საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს.
ჩვენი პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს, რომელთა საარსებო წყაროები უშუალოდ ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, დაცულ ტერიტორიებს, ტყის აღდგენასა და მდგრად ტურიზმს ადგილობრივი განვითარების მამოძრავებელ ძალად ვაქცევთ, რათა ბუნების დაცვამ სამუშაო ადგილები და ახალი შესაძლებლობები შექმნას არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ მათ ფარგლებს გარეთაც.
გრძელვადიანი შედეგების მიღწევა ასევე მოითხოვს თანამშრომლობას საზღვრებს მიღმა. სამხრეთ კავკასიაში საერთო ეკოსისტემები რეგიონული პარტნიორობის გაღრმავებისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. საქართველო მზად არის, მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიცვას ჩვენი საერთო ბუნებრივი მემკვიდრეობა", - განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
„შუა დერეფანი" სულ უფრო მნიშვნელოვან სტრატეგიულ დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის, ახლა ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ამ იმპულსს - თამარ იოსელიანი
16.10.2026.13:37
„იმ ფონზე, როდესაც გლობალური ვაჭრობის ტენდენციები და მიწოდების ჯაჭვები იცვლება, „შუა დერეფანი" სულ უფრო მნიშვნელოვან სტრატეგიულ დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის. ახლა ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ამ იმპულსს და უზრუნველვყოთ, რომ მზარდი მოთხოვნა საიმედო, ეფექტიან და კონკურენტუნარიან სატრანსპორტო მომსახურებად გარდაიქმნას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში გამართულ ახალი აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თამარ იოსელიანმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების პროცესში საერთო პრიორიტეტების განხილვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს 10-წლიანი სატრანსპორტო განვითარების გეგმაზე გაამახვილა.
„საქართველოსთვის პასუხი ნათელ სტრატეგიულ პრიორიტეტში მდგომარეობს. ჩვენი 10-წლიანი სატრანსპორტო განვითარების გეგმა ითვალისწინებს ინფრასტრუქტურული ინვესტიციების, მოდერნიზაციისა და საოპერაციო გაუმჯობესების ამბიციურ პროგრამას. 2032 წლისთვის საქართველო ახორციელებს დაახლოებით 7 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციას სტრატეგიულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რკინიგზისა და საზღვაო გამტარუნარიანობის გაორმაგების მიზნით", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
როგორც თამარ იოსელიანმა განმარტა, ეს ინვესტიციები შექმნილია მთლიანი სატრანსპორტო ქსელის გასაძლიერებლად, რკინიგზის, პორტების, ავტომაგისტრალებისა და ლოგისტიკური ობიექტების უფრო ეფექტიან სისტემაში გასაერთიანებლად.
„ჩვენ უკვე ვხედავთ დამაიმედებელ შედეგებს. 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოს საზღვაო პორტებისა და ტერმინალების მიერ დამუშავებული ტვირთის მოცულობა 24%-ით გაიზარდა, ხოლო რკინიგზით გადაზიდვები - 13%-ით (11 მილიონ ტონაზე მეტი). ორივე მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში იანვარ-სექტემბრის პერიოდისთვის საუკეთესო შედეგს წარმოადგენს", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.