საქართველო-მალტის სავაჭრო ბრუნვა 11-ჯერ გაიზარდა
საქართველოსა და მალტას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2026 წლის იანვარ-აპრილში 25 690.0 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11-ჯერ მეტია. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის პირველ ოთხ თვეში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა 2 315.9 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.
სავაჭრო ბრუნვის მკვეთრი მატება დიდწილად საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის ზრდამ განაპირობა. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მალტაში 19 766.4 ათასი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის იანვარ-აპრილში საექსპორტო მაჩვენებელი მხოლოდ 25.6 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.
მზარდი დინამიკა ფიქსირდება მალტიდან პროდუქციის შემოტანის კუთხითაც. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ მალტიდან 5 923.6 ათასი აშშ დოლარის იმპორტი განახორციელა, რაც დაახლოებით 2.6-ჯერ (158.6%-ით) აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს, როდესაც ქვეყანაში 2 290.3 ათასი აშშ დოლარის მალტური პროდუქცია შემოვიდა.
სხვა სიახლეები
წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი - თამარ იოსელიანი
23.09.2026.14:04
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრთან, სადაც მთავარი თემა ჩინეთსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იყო და ამ კუთხით მნიშვნელოვანია შუა დერეფნის შესაძლებლობების სრულად ათვისება", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
თამარ იოსელიანის თქმით, ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი ყოველწლიურად იზრდება, რის გამოც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მარშრუტის ეფექტიანობისა და ინფრასტრუქტურის განვითარება.
„წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს, დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დერეფანში ხორციელდება - გამოვყოფდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს,ჩვენ ვისაუბრეთ პროექტის მიმდინარეობაზე და შესაძლებლობებზე ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტში", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მხარეებმა შეხვედრაზე საჰაერო მიმოსვლის გაფართოებაზე იმსჯელეს.
„ჩვენ განვიხილეთ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რაც საშუალებას მოგვცემს პრაქტიკულ რეჟიმში გადავიტანოთ თანამშრომლობა ყველა ტიპის ტრანსპორტთან მიმართებით. საუბარი შეეხო ასევე სამოქალაქო ავიაციის კუთხით თანამშრომლობას და პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოებას.
ამ კუთხით ჩვენ ვისაუბრეთ როგორც პეკინსა და თბილისს შორის, ასევე კუანგჭოუსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობას და, რა თქმა უნდა, ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.