საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ ქვეყნად აირჩიეს
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს (CMFA) გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 ივლისიდან ორი წლის ვადით, საქართველო BSEC-ის საბანკო საქმისა და ფინანსების დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელ ქვეყნად აირჩიეს. აღნიშნული სტატუსით საქართველო წამყვან როლს შეასრულებს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში, მათ შორის, მისი პერიოდული სხდომების ორგანიზებაში წევრ სახელმწიფოთა საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით.
აღნიშნული სტატუსი აღრმავებს საქართველოს მრავალმხრივ თანამშრომლობას შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე ხელს უწყობს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას.
დარგობრივი ჯგუფის მთავარი მიზანი BSEC-ის წევრ სახელმწიფოებს შორის საბანკო და საფინანსო სფეროში მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ხელშეწყობაა. მათ შორისაა რეგულირების, ზედამხედველობისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხებზე დიალოგის გაღრმავება, საერთო პროექტების ინიცირება და განვითარების სტრატეგიების შემუშავება.
“შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობა ხაზს უსვამს ქვეყნის სტრატეგიულ როლს რეგიონში და მნიშვნელოვანია საბანკო-საფინანსო სექტორში კავშირების გაღრმავებისთვის. სტატუსი განამტკიცებს საქართველოს მრავალმხრივ თანამშრომლობას შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცენტრალურ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან, რაც ხელს უწყობს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას სხვადასხვა მიმართულებებით”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC) 13 ქვეყანას აერთიანებს. მათ შორის, თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბულგარეთს, საბერძნეთს, მოლდოვას, რუმინეთს, სერბეთსა და ა.შ.
სხვა სიახლეები
იაპონიის ცენტრალური ბანკი სექტემბერში საპროცენტო განაკვეთის გაზრდას და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის დაჩქარებას განიხილავს - მოლოდინები
19.08.2026.15:00
იაპონიის ცენტრალური ბანკი სექტემბერში საპროცენტო განაკვეთის გაზრდას და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის დაჩქარებას განიხილავს. მსგავსი ნაბიჯი ასახავს იაპონიის ბანკის მზარდ შეშფოთებას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის, გლობალურად ხელოვნურ ინტელექტზე ძლიერი მოთხოვნისა და იენის გაუფასურებით გამოწვეული ფასების ზრდის გამო. იენის კლების ტენდენცია გასულ თვეში იაპონიასა და აშშ-ს შორის იშვიათი ერთობლივი სავალუტო ინტერვენციის მიუხედავადაც გაგრძელდა.
მას შემდეგ, რაც იაპონიის ბანკმა 2024 წელს ათწლიანი მასშტაბური სტიმულირების პროგრამა დაასრულა, საპროცენტო განაკვეთები დაახლოებით წელიწადში ორჯერ გაზარდა, მათ შორის ივნისშიც, როდესაც განაკვეთი 1%-მდე, 31 წლის მაქსიმუმამდე, გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ბანკმა გასულ თვეში მონეტარული პოლიტიკის პარამეტრები უცვლელად დატოვა, მან დღემდე ყველაზე მკაფიო სიგნალი გააკეთა განაკვეთის ადრეული ზრდის შესაძლებლობაზე და მიუთითა, რომ მზარდმა ფასების წნეხმა შესაძლოა საბაზისო ინფლაცია ბანკის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელზე მაღლა აიყვანოს.
ივლისის სხდომის მოსაზრებების შეჯამებამ აჩვენა, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რამდენიმე წევრი საპროცენტო განაკვეთების ზრდის უფრო სწრაფი ტემპის მომხრე იყო, რათა ინფლაციის მიმართულებით განვითარებულ მოვლენებს არ ჩამორჩენოდნენ.